ივანიშვილის გარემოცვა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არ უარყოფს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ეკა ჭიჭინაძე "პირველებთან" მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არ უარყოფს.
ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან დაახლოებული, ეკა ჭიჭინაძე "TV პირველთან" ამბობს, რომ "რაღაც იქნება", მაგრამ კონკრეტულად რა - მან "არ იცის".
ეს ჩემი უფლებამოსილება არ არის... მე არ უნდა ვიცოდე. იქნება ალბათ რაღაც, მაგრამ რა არ ვიცი," - თქვა ეკა ჭიჭინაძემ.
"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ლევან მახაშვილი კი ამტკიცებს, რომ საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს და ირაკლი კობახიძის გადასაწყვეტია "კონკრეტულ შემთხვევაში სად, როგორ, რანაირად შეიძლება იყოს მთავრობა ჩამოყალიბებული".
საკადრო გადაწყვეტილებები, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა მთავრობაში და არის სრულად მისი გადასაწყვეტი იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ პერიოდში შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს წინაშე.
ვერ გეტყვით [რამდენად მოსალოდნელია], მაგიტომ ვამბობ, ეს არის სრულად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი, ეს მისი კომპეტენციაა და კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე მას შეუძლია გადაწყვიტოს, კონკრეტულ შემთხვევაში სად, როგორ, რანაირად შეიძლება იყოს მთავრობა ჩამოყალიბებული," - ამბობს ლევან მახაშვილი.
ცნობისთვის, "პირველების" ინფორმაციით, ძალოვანი მინისტრები იცვლებიან - საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეზე. როგორც წყარო "ტვ პირველს" ეუბნება, ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნება" განიხილავს გელაძის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას - თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ.
ვინ ჩაიბარებს შს სამინისტროს, ეს ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა როგორც წყარო გვეუბნება, შესაძლოა მინისტრად გეკა გელაძის მოადგილე, რონი მესხი ვიხილოთ.