"ოცნებამ" თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გააჩერა, შეჩერებულია მიწის დამუშავების პროგრამაც
თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა - ქობულეთში, გურიასა და სამეგრელოში, სადაც შემოსვლის მთავარი წყარო თხილის ბაღებია, მეთხილეები მთავრობის დახმარების გარეშე დარჩნენ. "ქართულმა ოცნებამ" თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გააჩერა, ასევე, აჭარაში შეჩერებულია მიწის დამუშავების პროგრამაც - აღარ დაეხმარებიან ხალხს ყანის დამუშავებაში. თუ აქამდე ფერმერი წლიურად, საშუალოდ 1000 ლარამდე სუბსიდიას იღებდა თხილის ბაღებისთვის, ახლა ამ ხარჯის გაწევაც თავად მოუწევს.
ფერმერები ფინანსურ დახმარებას თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად იყენებდნენ. ფერმერების სუბსიდირების პროგრამა 2023 წელს ჩაეშვა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არჩევნების შემდეგ კი შეწყდა - ოპოზიცია ეჭვობს, რომ არასაარჩევნო წელს "ოცნება" ხალხის დახმარებაზე უარს ამბობს.
იმ ფონზე, როცა ფაროსანას პრობლემა არ მოგვარებულა, თხილი ფუჭდება, პესტიციდები ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია. ოპოზიცია თვლის, რომ დახმარების შეწყვეტა მოსავლის ხარისხზეც და ექსპორტზეც იმოქმედებს.