20 პოლიციელი დამესხა თავს, ყველაფერი წაიღეს - დარეჯან სხვიტარია
ქალი აქტივისტი, დარეჯან სხვიტარია, რომელიც პროტესტს პარლამენტთან თვეებია უწყვეტად კარავში გამოხატავს, ამბობს, რომ წუხელ, პოლიციელებმა ისევ პირადი ნივთები წაართვეს და პროტესტის შეწყვეტა მოსთხოვეს.
ქალი აქტივისტი "პირველებთან" აცხადებს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას პლედებიც კი წაართვეს.
სხვიტარია სახალხო დამცველს მიმართავს, რომ თემით დაინტერესდეს:
"ტრადიციად აქციეს ჩემი დარბევა. მერვეჯერ მოვიდნენ. 20 პოლიციელი იყო თან. ერთმანეთს ამაგრებდნენ ალბათ. მე სიტყვა არ მითქვამს, გამაღვიძეს, წამოაბოყინებს და ადექით, ქალბატონო დარეჯან, უნდა წავიღოთ ყველაფერიო და წაიღეს, ისედაც რა მქონდა ახლა, წაღებული ჰქონდათ ყველაფერი აბსოლუტურად და არაფერი დაუბრუნებიათ თვეზე მეტია უკვე.
გენპროკურატურაში და ყველგან შეტანილი მაქვს სარჩელი, სახალხო დამცველი - არავინ დამიტოვებია, სადაც შემეძლო გაგზავნა საჩივრის ყველგან გავაგზავნე. 112-შიც დავრეკე წუხელ და ვუთხარი - ვიცით, რომ თქვენ ყველა ერთი ჯგუფი ხართ და აზრიც არ აქვს მე მგონი, რომ დავრეკო, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის დააფიქსირეთ, რომ 20 პოლიციელი დამესხა თავს და ყველაფერი წაიღეს. ამათ განუკითხაობას უკვე საზღვარი არ აქვს.
მოვითხოვ, რომ სახალხო დამცველი მობრძანდეს და ნახოს რა პირობებში მიწევს მე აქ პროტესტის გამოხატვა. ყველაფერი დარღვეულია აბსოლუტურად და მე არ ვაპირებ უკან დახევას. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ჩვენ ამ ხელისუფლებას მოვიშორებთ თავიდან. ეს გარდაუვალი პროცესია. ამათ ჰგონიათ, რომ დიდხანს აქვთ კიდევ ვოიაჟები, მაგრამ არ გამოუვათ არაფერი. ყველაფერს აქვს თავისი დრო და თმენის ვალდებულებაც უკვე ამოიწურა ყველანაირად და მალე დასრულდებიან, ორბანსაც ასე ეგონა, რომ დიდხანს იქნებოდა ხელისუფლებაში, მაგრამ ნურას უკაცრავად"- აცხადებს სხვიტარია.