ვაიმარის დელეგაცია თბილისში - "ოცნება" ევროკავშირს დიალოგს და ურთიერთობის აღდგენას სთხოვს
"ქართული ოცნება" ევროკავშირს დიალოგს და ურთიერთობის აღდგენას სთხოვს - ეს განცხადება "ოცნების" პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედის შემდეგ გააკეთა. თუ აქამდე "ქართული ოცნება" ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდა, ლევან მახაშვილის კომენტარით ირკვევა, ეს ბრალდებები პირისპირ ვეღარ გააჟღერეს.
ვერაფერი უთხრეს ვერც გერმანიის ელჩს - ლევან მახაშვილი პიტერ ფიშერის პირისპირ იჯდა. თუ აქამდე მას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებდნენ, ახლა არაფერი უთხრეს.
საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს - ეს არის ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ბოლო განცხადება საქართველოში ვიზიტამდე. ქართული ოცნების ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა - ბოლოს 10 მარტს პარტნიორებმა გააკრიტიკეს - „გრანტების შესახებ“ კანონის გამკაცრებისა და „ხელისუფლების არაღიარების“ შესახებ საქართველოში მიღებული კანონების გამო.
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ვიზიტი წინ უსწრებს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას - მათმა შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს მინისტრების შეხვედრაზე, სადაც საქართველოზეც იმსჯელებენ.