"არ გრცხვენია? შეხედე ჩემს შვილებს თვალებში..." - ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესი - სიტყვიერი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც გდდ-ს თანამშრომელმა, შოთა პაპუაშვილმა, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა, პროცესზე თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი ქრთამს სთავაზობდა სპეცრაზმელებს, იმისთვის, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები გადმოებირებინა.
სოციალური ქსელებით, სხვადასხვა სატელევიზიო არხებით გდდ-ს თანამშრომლებს პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა, რომ არ შეესრულებინათ დაკისრებული მოვალეობები, უარი ეთქვათ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, წვრთნებზე და ვარჯიშებზე. ასევე, გამოეტანათ ჩვენს თანამშრომლებს ინფორმაცია, სანაცვლოდ კი გდდ-ს თანამშრომლებს სთავაზობდა 200 000 $-ს.
ხაბეიშვილი ზოგადად აკეთებდა მოწოდებას გდდ-ს თანამშრომლებზე, კონკრეტულად ვინმეს მიმართ არა ანუ მოწოდება ყველას ეხებოდა.
ლევან ხაბეიშვილის ეს მოწოდება ანუ თანხის შეთავაზების ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით, იყო გდდ-ს თანამშრომლების გადმობირება, უხეშად რომ ვთქვა. შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოყენებული იქნებოდა მათ სასარგებლოდ...თანხის შეთავაზებასთან დაკავშირებით სუს-ში ვიყავი გამოკითხვაზე”, - განაცხადა შოთა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგ მას ბრალდებულის სკამიდან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიმართა - ხაბეიშვილმა გდდ-ს თანამშრომელს ჰკითხა, იღებდა თუ არა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობას, რაზე საპასუხოდაც პაპუაშვილმა მას უთხრა - "ღმერთმა დამიფაროს". ამ რეპლიკას ოპოზიციონერის გაღიზიანება მოჰყვა, მან მოწმეს უთხრა, რომ ცრუოს იმ სასამართლოს წინაშე, სადაც ფიცი დადო.
"არ გრცხვენია? შეხედე ჩემს შვილებს თვალებში..." - უთხრა ხაბეიშვილმა პაპუაშვილს.
„სახე გამაძვრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ! შენ და შენმა კოლეგებმა სახე გამაძვრეთ. ფიცის დროს როგორ შეიძლება ტყუილი? რახან თქვი, რომ ხაბეიშვილმა ფული შემომთავაზაო, ისიც თქვი, რომ ბიუჯეტიდან იყო ფულის შეთავაზება.
ჩემ წინაშე დგას დამნაშავე! არ გრცხვენია? სამმართველოს უფროსია და „ხარება“ ამის უფროსი იყო. გეუბნებით, ტელეფონით მიღებდა-მეთქი პარლამენტის შენობაში მეორე დღესვე, მასთან ერთად იდგნენ თანამდებობის პირები. ამბობ, ღმერთმა დამიფაროსო, არ გრცხვენია? ღმერთმა არ დაგიფაროს, რასაც ახლა აკეთებ. შეხედე ჩემ შვილებს თვალებში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.