კობახიძე ევროკავშირს აკრიტიკებს, „ოცნების" პოლიტიკას კი „მშვიდობის შენარჩუნებით“ ამართლებს

17.04.26 13:48
კობახიძე ევროკავშირს აკრიტიკებს, „ოცნების" პოლიტიკას კი „მშვიდობის შენარჩუნებით“ ამართლებს

ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, რთული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე "ოცნება" პრაგმატულ პოლიტიკას ეწევა და ქვეყანას მშვიდობას უნარჩუნებს.

ამასთან, „ოცნების“ პრემიერმა ევროკავშირის შესახებაც ისაუბრა. კობახიძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა სურს, თავად ევროკავშირი დღეს ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, გეოპოლიტიკური დაძაბულობები გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ისე საერთაშორისო ვაჭრობასა და ტრანსპორტზე.

დღევანდელ სამყაროში მიმდინარეობს ომები. გეოპოლიტიკური დაძაბულობები გავლენას ახდენს  ყველაფერზე- სავაჭრო წესებზე, ტრანსპორტზე, საფრთხეს უქმნიან ეკონომიკურ სტაბილურობას. 
თუ შეხედავთ ევროკავშირის გაფართოებას ჩვენი პერსპექტივიდან, ჩვენ ძალიან გვსურს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ევროკავშირიც დგას ძალიან არსებითი და ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე.

მრავალი წლის განმავლობაში, ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი მხარეები. ეს იყო ძლიერი იდენტობა, ეს იყო კეთილდღეობის მაღალი დონე, და ეს იყო სიძლიერე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.
 

მაგრამ ახლა თუ შეხედავთ ევროკავშირს, მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ის გამოწვევების წინაშე დგას ამ სამივე მიმართულებით. და ამის გამო ძალიან შეშფოთებულები უნდა ვიყოთ, და იმედი გვაქვს რომ ეს საკითხები ევროკავშირში გამოსწორდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევები გავლენას ახდენს ასევე ჩვენს რეგიონზე.და მრავალი წლის განმავლობაში, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო ხიდი ევროპასა და აზიას შორის. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ტრანზიტული ფუნქცია.

ასე რომ, ეს არის ჩვენი ხედვა: შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შევინარჩუნოთ სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური პროგრესი, ხელი შევუწყოთ დაკავშირებადობას. ამ მიდგომით და ამ ხედვით, ჩვენ არა მხოლოდ ვინარჩუნებთ მშვიდობას ქვეყანაში, არამედ ხელს ვუწყობთ უფრო ფართო მშვიდობას ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები