მუქარა რუსეთიდან - რას ამბობენ "ოცნებაში" ზახაროვას განცხადებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, "ოცნება" "პირველებს" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ამისამართებს. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა აზრის იყვნენ "ოცნების" დეპუტატები აღნიშნულთან დაკავშირებით.
ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ნაცმოძრაობას. რატომ ჩააბარეს ტერიტორიები, რატომ გადასცეს სოფლები რუსებს, - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.
ამასთან, საკითხზე შეფასება გააკეთა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, რომელმაც ზახაროვას განცხადება შესაძლო ჩარევად არ მიიჩნია და მას „მცდელობა“ უწოდა.
ხელყოფად ვერ ჩაეთვლება, იმიტომ, რომ ხელყოფა რომ იყოს, უნდა დადგეს შედეგი და დასრულდეს ქმედება, მცდელობას დავარქმევ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ვერასდროს ვერანაირი ზახაროვა, ვერანაირი სხვები, მხარე, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული, ვერადროს მათი წარმომადგენლის განცხადება ვერ იქნება დასრულებული, ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი. არავის უნდა აერიოს პრაგმატულობა და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარედან დაკვეთით უსამშობლო სუბიექტები მოქმედებენ, სწორედაც პირდაპირ ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ ზახაროვასა და იმ პირებს შორის, ვისთვისაც ქვეყანა სულერთია, - ამბობს ღუდუშაური.
რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელის მოთხოვნების შესრულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე და გაართულოს ორ ქვეყანაში მცხოვრებ ახლობლებს შორის კონტაქტები.