საწვავზე აქციზის განახევრება და დღგ-ს შემცირება - ოპოზიციურმა ალიანსმა ფასების შემცირების გეგმა წარადგინა

17.04.26 15:47
საწვავზე აქციზის განახევრება და დღგ-ს შემცირება - ოპოზიციურმა ალიანსმა ფასების შემცირების გეგმა წარადგინა

„ოპოზიციურმა ალიანსმა“ ეკონომიკური ხედვა წარადგინა, რომელიც, მათი განცხადებით, მიზნად ისახავს როგორც პროდუქციის ფასების შემცირებას, ისე გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას. შესაბამისი განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, სხვა ქვეყნებში, სადაც ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, ხელისუფლებები კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ მოსახლეობის დასახმარებლად, მაშინ როდესაც საქართველოში, მისი შეფასებით, ვითარება საპირისპიროა და მოსახლეობისთვის ხარჯები იზრდება.

„პირველი ნაბიჯი: საწვავზე აქციზის გადასახადის მინიმუმ განახევრება;

მეორე ნაბიჯი: დღგ-ს 1%-ით შემცირება;

მესამე ნაბიჯი: საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება.

ეს ნიშნავს მილიარდ 600 მილიონის დატოვებას ადამიანების ჯიბეში ამ გაზრდილი ფასების პირობებში. თუ პოლიტიკური ნება ექნებოდა ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებას, ამას გააკეთებდა ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. სხვა ქვეყნებში, სადაც ფასების სწრაფი ზრდა მოხდა, მაგალითად საწვავზე, აბსოლუტურად ყველგან ქმედით ნაბიჯებს დგამს შესაბამისი ხელისუფლება. ჩვენთან პირიქით არის, უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას, ჯარიმებს ზრდიან, მანქანების განბაჟებას ზრდიან.

მეორე: რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?! ეს „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, რომელიც ბეჭდავს ფულს და ცხოვრებას გვიძვირებს.

მესამე: გრძელვადიანად რომ არ ხდებოდეს ქვეყანაში ფასების ზრდა და უფრო ძვირი რომ არ იყოს ცხოვრება, ვიდრე სომხეთში და მეზობელ ქვეყნებში, წარმოდგენილია დოკუმენტი, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ჩვენ რას გავაკეთებდით. ეს არის ალტერნატივა მათსა და ჩვენს შორის. ოპოზიციის ალიანსს კონკრეტული გზავნილი აქვს ხალხისთვის: დიახ, შესაძლებელია, თქვენ შეღავათი გქონდეთ, მაგრამ ამ შეღავათს, ბოროტები მანქანა, რომელიც მმართავს ქვეყანას, არ გიკეთებენ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.