გზების დაგება ჩაწყობით და მიტოვებული ხალხი მთიან რეგიონებში - მხილება კომიტეტზე და ხმაურიანი სხდომა პარლამენტში
პარლამენტში ახალი ხმაურიანი ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი - გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის რეგიონული განვითარების და ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ გზების დაგება რეგიონებში ჩაწყობით ხდება. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები მშობლიურ სოფლებში ან იქ, სადაც მათი აგარაკებია, გზებს ნაცნობებით აკეთებენ - დანარჩენი კი მიტოვებულია. კერესელიძემ ასევე თქვა, რომ საკრებულოებში შტატები გაბერლია და ნეპოტიზმი ყვავის.
ექს-პრემიერის გუნდი დღეს პასუხებს პარლამენტში მისული საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილისგან ითხოვდა.
რა პროექტები განხორციელდეს, ძალიან ხშირ შემთხვევაში მიიღება პოლიტიკური გავლენებით და ნეპოტიზმის ნიშნით. დუშეთის მუნიციპალიტეტში, საკრებულოზე გაიტანეს დოკუმენტი, რომელიც უნდა მოწონებულიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გზას პირდაპირ გიორგი ამილახვარის სახელობის გზა დაარქვეს, რომელიც 300 ათას ლარად უნდა გაკეთებულიყო და ეგ პატივცემული ჩვენთან დეპუტატი, შემდეგ კი განათლების მინისტრი იყო,ესეც კი ვერ დამალეს. ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მერი რომ მოიყვანოთ, დასვათ და უთხრათ, აბა შენი მუნიციპალიტეტის მიხედვით მესაუბრე გარემოს, აგრარულ პრობლემებზე, ბუნებრივ რესურსებზე, ანუ, როგორ ხედავ შენი რაიონის განვითარებას, ვერ გეტყვის, ერთადერთი, რაშიც მაგრები არიან - ტენდერი როგორ უნდა ჩატარდეს. იგივე პრობლემაა მუნიციპალიტეტებში, მე არ მეხებას - პრობლემა, რაც ყველაზე სამწუხაროა. მგფ-ი იქნება, ნებისმიერი სამინისტრო იქნება, რაღაც პროექტს როცა ახორციელებს მუნიციპალიტეტში, ხარვეზით დამთავრდება თუ დაგვიანებით, მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ეგ ჩემი პრობლემა არ არის, რაც ძალიან არასწორია, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ექს-პრემიერის გუნდს ასევე მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილისგან აინტერესებდა, რა გააკეთა ივანიშვილის პარტიამ მაღალმთიანი რეგიონებისთვის და იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
დღეს სოფლები დაცლილია. მაგალითად, თიანეთში სოფელ ბოჭორმის სკოლა 4 წელიწადია დაიწვა, ნამწვები ვერ გაიტანეს ვერც მუნიციპალიტეტმა, ვერც სამინისტრომ და ვერც განათლებამ. შატილში, სკოლა-პანსიონში, რომელსაც სასადილო დაეწვა და მინები დაებზარა, მინები ვერ გამოცვალეს, 4 წლის განმავლობაში.
რამდენი სკოლაა ახალი აშენებული, რამდენია რეაბილიტირებული, ამაზე შეგიძლიათ ისაუბროთ?- ამბობდა კერესელიძე.
პასუხების ნაცვლად, პარლამენტში მისულ მინისტრს დაუსრულებელი თავის მართლება ჰქონდა - ამბობდა, რომ რასაც მას ეკითხებოდნენ, "მისი საქმე არ იყო"
მე მესმის თქვენი გულისტკივილი მაღალმთიანი სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენმა უწყებამ დაიწყო განსხვავებული მიდგომა, მაგალითად მაღალმთიანი სოფლების განვითარების მიმართულებით...[..]- თქვა იაშვილმა.
ამის შემდეგ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. "ზღაპრებს ნუ მიყვები?" ისმოდა გახარიას თანაგუნდელის რეპლიკები. კერესელიძეს სიტყვას აწყვეტინებდა "ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.
მარტო სტრატეგიების შედგენა და წარდგენა, მაშინ საერთოდ არ არის საჭირო სამინისტრო. სამინისტრო ხართ, ამხელა აპარატი, ამხელა გავლენის შესაძლებლობა გაქვთ პოლიტიკური რეგიონებზე. ამ ერთი წლის განმავლობაში რა გააკეთეთ მაღალმთიანებზე, ერთი მაინც თქვით და გავჩერდები. ის ფონდიც კი ვერ აითვისეთ და ის 20 მილიონი ვერ გახარჯეთ, შეიძლება სხვას მოუყვე, მაგრამ ამ ზღაპრებს მე რომ მიყვები, არ გამოვა.