"სისულელე, ცინიზმი და ბოდვა" - ოპოზიცია კობახიძის მიერ ანტალიაში გაკეთებულ განცხადებებზე
სისულელე, ცინიზმი და ბოდვა - ასე აფასებს ოპოზიცია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე. მათი განცხადებით, "ოცნების" პრემიერის განცხადებები რეალურ საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს აცდენილია და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს.
კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ დათუნაშვილი, რომელმაც პრემიერის შეფასებებს მკვეთრი კრიტიკით უპასუხა.
კობახიძე მორალურად განადგურებულია მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ეზოს ძაღლივით ათრია ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე, უკან რომ ფინიასავით მორბოდა და მე მესმის, რომ ამან მის თავმოყვარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა, შესაბამისად, ახლა სისულელეების ბოდვით არის დაკავებული ანტალიის ფორუმზე. ორბანი აღარ ჰყავთ და ახლა სხვა მიმართულებით ისვრიან ისრებს. აქვე, შემიძლია, დავაწყნარო და ვუთხრა, რომ ის ეიჩარი, რომელიც საერთაშორისო ლიდერებს არჩევს, მას ნამდვილად პირველივე ინტერვიუზე ჩაჭრის გამომდინარე მისი სულიერი მდგომარეობიდან, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამაც, რომელმაც კობახიძის გამოსვლა აბსურდად შეაფასა.
ცოტა ღიმილისმომგვრელია ეს განცხადება, შეიძლება მარიამ ლაშხმა დაუწერა ბატონ კობახიძეს. ნაცვლად იმისა, რომ ეროვნული, ევროპული, ქართული და სწორი საგარეო პოლიტიკა და საქართველო გაიყვანოს მართლაც სამშვიდობოს და დააჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ აბსურდული ბოდვით არიან დაკავებული, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
საკითხს გამოეხმაურა ოპოზიციონერი გიორგი შაიშმელაშვილიც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა "ოცნების" პრემიერის განცხადებებსა და დემოკრატიულ პროცესებს შორის წინააღმდეგობაზე.
კობახიძე, რომელიც არის არაფორმალური ხელისუფალის მიერ დასმული "არავინ", ეს ადამიანი ლაპარაკობს დემოკრატიებში ხალხის მიერ არჩეულ მთავრობებზე და მათ უწოდებს არაფორმალურ ლიდერებს. ცინიზმია და მეტი არაფერი. ის ლაპარაკობს ყველა იმ ხელისუფალზე და განსაკუთრებით ისეთებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში აირჩიეს ხალხებმა. მაგალითად, ამ შემთხვევაში - უნგრეთი. ანუ მისთვის საშიშია ეს მოვლენა, რომ ადამიანებმა შეიძლება, გაიმარჯვონ დაცემენტებულ სისტემაზე, ისეთზე, როგორიც ჰქონდა შექმნილი უნგრეთში ორბანს.
ყოველ შემთხვევაში, მასპინძელი ქვეყანა, ამ აზრით, მან სწორად შეარჩია. თურქეთს წლებია აქვს ევროკავშირის წესებთან, ბიუროკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან გარკვეული გამოწვევები. საინტერესოა, იგივეს გაიმეორებდა თუ არა ბრიუსელში რომელიმე ტრიბუნაზე, სადაც არ მიიწვევენ, დიდი ალბათობით, - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.
ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დადებითად შეაფასა და მისი ლიდერული როლი გამოყო.
ამასთან, კობახიძემ კრიტიკული შეფასებები გააკეთა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართაც. მისი თქმით, არსებობს სახელმწიფოები, სადაც ხელისუფლებები „არასწორი განზრახვით არიან შერჩეულები“.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური გარემოთი და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობით. მისი განცხადებით, არსებული სისტემები ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და საჭიროებს გადახედვას.