კრემლის მუქარის შემცველი გზავნილი თბილისს - რა სცენარისთვის ემზადება მოსკოვი და რით პასუხობს "ოცნება"
"ოცნების" ხელისუფლებას კრემლიდან მორიგი გზავნილი გაუგზავნეს — ამჯერად განცხადება გაფრთხილების ტონით გაკეთდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, ოფიციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით სვლას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. როგორც ჩანს, განცხადება წინასწარ მომზადებულ ტექსტს ეფუძნებოდა, რომელსაც ზახაროვა კითხულობდა.
აღნიშნული კომენტარი ზახაროვამ გააკეთა კითხვის პასუხად, რომელიც პრესკონფერენციაზე „ტაო ნიუსის“ ჟურნალისტად წარდგენილმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დასვა. გავრცელებული ინფორმაციით, მჟავანაძე დაკავშირებულია პრორუსულ ჯგუფებთან, ხოლო მსგავსი სტატუსით რუსეთის საგარეო უწყებაში აკრედიტებული არიან სხვა პირებიც. მათ შორის სახელდება პაატა აბულაძე, რომელიც, არსებული ცნობებით, ასევე ფიგურირებს როგორც ჟურნალისტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში.
კრემლის გზავნილების მიზანი, როგორც ჩანს, რეგიონში ევროკავშირის მიმართულებით სვლის შეკავებაა. რამდენიმე დღის წინ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, პირისპირ შეხვედრისას მიუთითა შესაძლო რისკებზე, მათ შორის ეკონომიკურ ზეწოლასა და ენერგორესურსების გაძვირებაზე, იმ შემთხვევაში თუ ერევანი ევროპულ კურსს გააგრძელებს.
ამ კონტექსტში განცხადებები გაკეთდა საქართველოს მიმართულებითაც. მოსკოვიდან გაჟღერებულ გაფრთხილებებს ოფიციალური თბილისი ამ ეტაპზე საჯაროდ არ გამოხმაურებია. საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარის მისაღებად მიმართვის მიუხედავად, უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ გავრცელებულა, ხოლო ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ვრცლად ნახეთთათია წოწონავას რეპორტაჟში.