სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებით "პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ"
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტით "პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ". - განცხადება მან TV იმედის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში ინფორმაციას წარუდგენს საზოგადოებას:
"ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხი, ვინც დღეს ცდილობს პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, ამ სიყალბეს ფარდა რომ ავხადოთ" - თქვა მან.
"მინდა გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ვნებათაღელვის საგანი გახდა ბოლო დღეების განმავლობაში.
ძალიან რთულ საკითხზე გვიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ, ეს უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი დიაგნოზია და არ მინდა არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნას დამოკიდებულებებთან და პოზიციებთან დაკავშირებით.
აბსოლუტურად კარგად მესმის იმ დრამატული ემოციებისა, რომელიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს. თავს ვალდებულად ვთვლი, აუცილებლად, ამ რამდენიმე დღეში, რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ და საზოგადოებას აუცილებლად მოვახსენებ ზოგადად ამ საკითხის ირგვლივ ყოველი ფაქტის გაშუქებით, ყოველი კლინიკური დასკვნის, ყოველი გარემოების, რომელსაც მნიშვნელობა აქვს და იმავდროულად ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხი, ვინც დღეს ცდილობს პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, ამ სიყალბეს ფარდა რომ ავხადოთ. ეს იქნება აუცილებლობა, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით" - განაცხადა სარჯველაძემ.