კალაძე: მე მივიღებ გადაწყვეტილებას, იმ ტერმინით ვესაუბრო ადამიანს, ვინც რას იმსახურებს
"ქართული ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ტერმინები "ნაცი", "აკაცუკი" მათი დამკვიდრებული არ არის. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მათი გუნდი ზიზღის ენის გამოყენების ინიციატორი არ არის და მსგავსი ტერმინების დამკვიდრებას ოპონენტებს უკავშირებს.
"ჩვენ არც შემოგვიღია [ტერმინები - ნაცი, აკაცუკი] როდესაც თავს გესხმიან ვერბალურად, ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ესე დავდგებით და უბრალოდ მოვუსმენთ. რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს პასუხს. ამიტომ პირველწყარო არის აქ პრობლემა. ის ვინც დაამკვიდრა ზიზღის ენა, მისი ადგილი დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყოს. ნებისმიერი დებატი, სადაც თქვენ დაუშვებთ ნიკა გვარამიას, ქართული ზიზღის ენის შემქმნელს და გამავრცელებელს, გასაგებია იქ რაც მოხდება..." - ამბობს პაპუაშვილი.
ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელის ასევე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტერმინები პირველად თავად აქციის მონაწილეების მხრიდან გაჟღერდა.
"თვითონ ისაუბრეს, რომ აკაცუკები ვართო... ყველა აქა ვართო, დაწყებული კოსტავას სულით, აკაცუკით დამთავრებულიო და რა ვიცი... [აპირებთ ისევ გამოიყენოთ ტერმინი აკაცუკები?] მე რას ვაპირებ, ამას მე თვითონ გადავწყვეტ. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, იმ ტერმინით ვესაუბრო ადამიანს, ვინც რას იმსახურებს" - ამბობს კალაძე ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.
- შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აქციის მონაწილეების მისამართით ხშირად იყენებს სიტყვა "აკაცუკებს". მსგავსი შინაარსის წინადადებები მას მედიების ეთერებში არაერთხელ გაუჟღერებია.
რა თქვა ცოტნე ივანიშვილმა 18 აპრილს, ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე?
ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს "ქოცი", "რუსი", "აკაცუკი", "ნაცის" ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად" - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.