მაჭარაშვილი ასახელებს მიზეზს, რის გამოც "ოცნება" "ფედერალისტების" აკრძალვას ითხოვს

20.04.26 18:32
მაჭარაშვილი ასახელებს მიზეზს, რის გამოც "ოცნება" "ფედერალისტების" აკრძალვას ითხოვს

"ქართულ ოცნებაში" ვერ აკონკრეტებენ კიდევ გაიზრდება თუ არა პარტიების სია, რომელთა წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 

აკაკი ალადაშვილის მტკიცებით, 2012 წლამდე ვითარებისგან განსხვავებით, სასამართლოები დღეს დამოუკიდებელია და "ქართული ოცნება" პარტიებს კი არ კრძალავს, "მხოლოდ სასამართლოში შეაქვთ სარჩელი". 

სარჩელს გაეცანით, ლოგიკაც არის, ყველაფერიც. რამე შეგვამჩნიეთ, რომ გვეშინია? ჯერ ეს ერთი ჩვენ არაფერს არ ვუწყვეტთ, ჩვენ მხოლოდ სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი. განსხვავებით 2012 წლამდე რაც იყო, დღევანდელი სასამართლოები, ყველა არის დამოუკიდებელი," - ამბობს აკაკი ალადაშვილი.

"ხალხის ძალის" ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიზეზად "ფედერალისტების" მიერ 4 ოქტომრბის მოვლენების არ დაგმობა მიუთითეს. 

იქ ბევრი შეიძლება იყოს დანამატი, მაგრამ ეს გამომდინარეობს პიროვნებებიდან. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობაში წერია, რომ თუ აკრძალული პარტიის ლიდერები, დამფუძნებლები შექმნიან სხვა პარტიას, შემდგომ ავტომატურ რეჟიმში, როდესაც შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ძალიან მცირე ხანში, ეს პარტიაც აიკრძალება იმიტომ, რომ ჩვენ სახელი "ნაციონალური მოძრაობა" კი არ გვაღიზიანებს. 

თუნდაც ამ "ფედერალისტების" ლიდერებმა დაგმეს მიხაილ როთის განცხადება? არ დაგმეს, დაგმეს 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა? არ დაგმეს. ჩვენ მიზეზად სწორედ ეს გვაქვს სარჩელში მითითებული," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.

პაპუაშვილის თქმით, უკან გამოითხოვენ ძველ სარჩელს და ახალ სარჩელში პარტია "ფედერალისტებს" დაამატებენ.

დასახელებული ოთხი პარტიიდან, სამი ოპოზიციური ალიანსის წევრია, ერთი არა. ოპოზიციური ერთობის  ალიანსშია თავისუფლების მოედანიც, თუმცა ოცნების ახალ სარჩელში ეს პოლიტიკური ძალა  ნახსენები არ არის.

ოპოზიციაში აქვთ მოლოდინი, რომ ივანიშვილის პარტიიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი კიდევ ერთხელ დაკორექტირდება, რომ ხალხის ყურადღება რეალური პრობლემებიდან, ხელოვნურად მოგონილ თემებზე გადაიტანონ. 

"ქართული ოცნება" დიდი ხანია საუბრობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, მაგრამ რატომღაც საბოლოო ნაბიჯის გადადგმას ერიდება, როგორც ჩანს ამისთვის გაბედულება არ ჰყოფნის. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ის ამ თემას მანიპულაციისთვის იყენებს, ალბათ უნდა, მუდმივად იყოს იმაზე საუბარი, რომ რომელიღაცა პარტია იკრძალება, მაგრამ ეს შედეგი საბოლოო ჯამში ალბათ არ დადგეს, ან დროში კიდევ უფრო მეტად გადაიდოს. 

თავად "ქართული ოცნება" არის საფრთხე ქართული დემოკრატიის. მე არ შევიდოდი სპეკულაციაში იმასთან დაკავშირებით კონკრეტულ მომენტში, რომელი პარტია აირჩიეს მათ სამიზნედ. იმ ვითარებაში, როდესაც მმართველი პარტია განსაზღვრავს იმას, თუ ვის აქვს უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, საუბარი ზედმეტია ლეგიტიმურ არჩევნებზე, საუბარი ზედმეტია დემოკრატიაზე. გასაგებია, რომ მათი განზრახვა არის მანიპულაცია, დემოკრატიის ჩახშობა, ამიტომ ჩვენი საერთო ამოცანაა, ვინც არ უნდა იყოს სამიზნეში ამოღებული დროის კონკრეტულ მონაკვეთში, არ დავუშვათ ის, რომ გახანგრძლივდეს "ქართული ოცნების" ყოფნა ხელისუფლებაში," - ამბობენ პარტია "თავისუფლების მოედანში.

მსგავსი სიახლეები