ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

21.04.26 10:13
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ.

შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით, მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს დაეთმობა, ერევანში დაგეგმილი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტის წინ.

დისკუსიის ერთ-ერთ თემად ასევე დასახელებულია საქართველოში არსებული ვითარება.

ევროკავშირის მიერ საქართველოს საკითხის განხილვას უკვე გამოეხმაურა ოპოზიცია. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ აღნიშნული განხილვები აჩვენებს ევროკავშირის ინტერესს საქართველოში არსებული ვითარების მიმართ.

ერთადერთი რამ ვიცი, რო ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერით, სტაბილურობით, განვითარებით და ამ ყველა განხილვის დროს, რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ კრიტიკულები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. მე ველი, რომ მომავალში ბევრად უფრო ეფექტური და ქმედითი იქნება ევროკავშირის ნაბიჯები, გადაწყვეტილებები და ვიქტორ ორბანი, რომელიც ერთ-ერთი სამაშველო რგოლი იყო ბიძინა ივანიშვილის, ის აღარ იქნება მისი დამცველი, დანაშაულებებზე ხელის დამფარებელი. ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორ შეფასებას და მათ შორის სწორ ნაბიჯებს გადადგამენ იმისთვის, რომ დაეხმარონ ქართველ ხალხს, რომელიც არის დღეს ივანიშვილის ძალადობრივი პოლიტიკის და ხელისუფლების ტყვეობაში, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ენმ-ის წევრი პეტრე ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. 

ევროკავშირიც თავის გადაწყვეტილებებს იღებს იმ მიზეზშედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქართული რეალობაა. საქართველოს დეფაქტო ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, იღებს გადაწყვეტილებებს, უპირისპირდება დასავლეთს ისევ და ისევ ორი მთავარი მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ მათ არ სიამოვნებთ და არ მოსწონთ დემოკრატიული ღირებულებების ქვეყანაში შემოსვლა. ისინი თვლიან, რომ ამის შედეგად მათ შეიძლება, ძალაუფლება დაკარგონ და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ რუსეთი განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში დაუპირისპირდა და კონფრონტაციაშია უკრაინაში აგრესიის გამო ევროპასთან და მოითხოვს თავისი ვასალებისგან, რომ ასევე დაპირისპირებულები იყვნენ ევროპასთან და ამის გააზრება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და კოლეგებისთვის რთული არანაირად არ არის და სწორედ აქედან გამომდინარე იქნება ის გადაწყვეტილებები და ის ნაბიჯები, რასაც ისინი გადადგამენ, - ამბობსს პეტრე ცისკარიშვილი. 

ამასთან, მინისტრები განიხილავენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და სუდანში არსებულ მდგომარეობას.

 

მსგავსი სიახლეები