უფრო მაღალი რანგი ვიდრე სუსის უფროსი - კობახიძე მდინარაძის ახალ თანამდებობაზე
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელობიდან მოხსნასა და ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელად დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ "ეს [სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა] არის მაღალი რანგი, შეიძლება, უფრო მაღალი, ვიდრე სუსის უფროსი.
როგორც "ოცნების" ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამტავრობო ცვლილებებზე „დაახლოებით, ორი კვირა მსჯელობდნენ".
- მამუკა მდინარაძემ კი TV იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "თითქმის 8 თვის წინ გადაწყდა, რომ ძალოვან სისტემას გაუწევდა კოორდინაციას“.
კობახიძეს დღეს ასევე ჰკითეს, მიიჩნევს თუ არა სუს-ის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს კონკურენტად, რაზე პასუხადაც მან თქვა: "არავითარი კონკურენცია არ არის, არასდროს ყოფილა და არც იქნება“.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა:
დაახლოებით ორი კვირაა, სამთავრობო ცვლილებებზე ვმსჯელობდით და საზოგადოებას გავუზიარეთ მაშინ, როცა გადაწყვეტილება მივიღეთ.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი საქმიანობიდან გამომდინარე ამ წოდებას [გენერალ-მაიორი] იმსახურებდა. იმის მიუხედავად, რომ ის სამსახურში დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში საქმიანობდა, ჰქონდა მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები, მიღწევები როგორც სისტემური გადახალისების და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, ასევე კონკრეტული მიმართულებით დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის, კორუფციული ფაქტების აღკვეთის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე ამ წოდებას იმსახურებდა - ეს მომავალში მას რეპუტაციულად გააძლიერებს არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც სახელმწიფოს მინისტრს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი.
დღეს ის არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც სახელმწიფო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა აკისრია. რეალურად ფორმალურად შეხედავ თუ არაფორმალურად, ეს არის მაღალი რანგი და შეიძლება ითქვას, რომ არის უფრო მაღალი რანგი. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არის გამორჩეულად მაღალი რანგის თანამდებობა, შეიძლება ითქვას, რომ კოორდინაციის ფუნქცია არის კიდევ უფრო მეტად გამორჩეული.
მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ოცნების" ლიდერს დღეს მამუკა მდინარაძისთვის 20 აპრილს, ახალ თანამდებიბაზე წარდგენამდე ერთი დღით ადრე გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებაზე ჰკითხეს - კობახიძე ამბობს, რომ მდინარაძე მისი საქმიანობიდან გამომდინარე ამ წოდებას იმსახურებდა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ არის, ის სახელმწიფო მინისტრი ხდება.
„სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე,“ – განაცხადა 2 დღის წინ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
მამუკა მდინარაძე ასევე იქნება ვიცე-პრემიერი.