"მდინარაძემ ფაქტობრივად ერთი-ერთში დაადასტურა ყველაფერი, რასაც აქამდე ვსაუბრობდით" - ირაკლი ნადირაძე
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ნადირაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის გუშინდელ განცხადებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მას გული დასწყდა, რომ სასამართლო იმ ეტაპზე არაა, სადაც მდინარაძის განცხადებას მტკიცებულებად გამოიყენებდნენ, რადგან მან "ფაქტობრივად, რასაც აქამდე ვსაუბრობდით ჩვენ, ბრალდებულები და ჩვენი ადვოკატები ერთ-ერთში დაადასტურა".
გუშინ ვუსმინეთ ყველამ "იმედზე" მდინარაძის გამოსვლას და ცოტა გული დამწყდა, რომ იმ ეტაპზე არ ვართ, სადაც შეიძლებოდა, რომ [მისი] სატელევიზიო გამოსვლა, როგორც საწყისი მტკიცებულება ისე გამოგვეყენებინა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, რასაც აქამდე ვსაუბრობდით ჩვენ, ბრალდებულები და ჩვენი ადვოკატები ერთ-ერთში დაადასტურა ადამიანმა ყველაფერი," - თქვა ირაკლი ნადირაძემ.
"როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი, როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე" - განაცხადა მდინარაძემ.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.