ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს სთხოვს, საიდუმლო შესყიდვაზე საუბრის ნაწილში პროცესი დახუროს

23.04.26 16:14
ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლეს სთხოვს, საიდუმლო შესყიდვაზე საუბრის ნაწილში პროცესი დახუროს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს სთხოვს, საიდუმლო შესყიდვაზე საუბრის ნაწილში პროცესი დახუროს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარის ძარცვის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც საბოლოო სიტყვას ამბობს ბრალდებული ყოფილი მინისტრი. 

ბატონო მოსამართლევ, მე ორი მუხლით მაქვს წაყენებული ბრალდება - ვილაპარაკებ ერთ საქმეზე და სადაც საიდუმლო შესყიდვაზე უნდა ვილაპარაკო, გთხოვთ დახუროთ პროცესი", - თქვა ბურჭულაძემ. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა- ვასილ მხეიძე ვერდიქტის მოლოდინში არიან. სწორედ დღეს უნდა ისარგებლონ ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.