"ოცნების" ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთა გაგრძელდება" - ოპოზიცია OGP-დან გარიცხვაზე

23.04.26 16:25
"ოცნების" ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთა გაგრძელდება" - ოპოზიცია OGP-დან გარიცხვაზე

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) გარიცხვას ეხმაურებიან. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც აქვს აღებული.

საქართველო ნელ-ნელა ეთიშება დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ინსტიტუციები არ არსებობენ, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც აქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს," - განაცხადა ლანა გალდავამ. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშილი აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს ქვეყანაში არსებობდეს არასამთავრობო სექტორი და ძლიერი სამოქალაქო ჯგუფები. 

"ქართულ ოცნებას" არ სურს ქვეყანაში არსებობდეს არასამთავრობო სექტორი, ე.წ. მესამე სექტორი, ძლიერი სამოქალაქო ჯგუფები და ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არის მათთვის სისუსტის გარანტია, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ერთმნიშვნელოვან, ვერტიკალზე აწყობილ კონტროლს საზოგადოების. 

ამიტომ, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს ქვეყანაში ან უნდა იყოს სრულად დამორჩილებული "ქართულ ოცნებას", ან არ უნდა არსებობდეს, ეს არის მათი  გზა," - აღნიშნა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას თქმით, "ქართული ოცნება" ბუნებრივად არათავსებადია იმ პოლიტიკასთან, რა პოლიტიკაც და რა ფასეულობებიც აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია.

საქართველოს ხელისუფლება მისი პოლიტიკიდან გამომდინარე, მისი გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე ბუნებრივად არათავსებადია იმ პოლიტიკასთან, რა პოლიტიკაც და რა ფასეულობებიც აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. ამიტომ, ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთა "ქართული ოცნების" გაგრძელდება, სანამ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს "ოცნების" ხელისუფლება, პატიმრების გათავისუფლების თვალსაზრისით, უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის თვალსაზრისით," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ OGP-იმ აბსოლუტურად შეუფერებლად "ქართული ოცნების" რეჟიმი ჩათვალა და არა საქართველო. 

ქვეყნისთვის ეს არის ძალიან კარგი, რადგანაც რაც მეტი დასჯითი სანქციები წამოვა რეჟიმის მიმართ, მით მალე მოხდება მათი ნეიტრალიზაცია და გავთავისუფლდებით. ადრე უნდა გარიცხულიყო ეს რეჟიმი, საქართველო კი არ გარიცხეს, რეჟიმი ჩათვალეს აბსოლუტურად შეუფერებლად ამ ორგანიზაციაში ყოფნასთან და ეს ამის ნიშანია და არა ქართველი ხალხი," - თქვა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა. 

ცნობისთვის, "ღია მმართველობის პარტნიორობამ" (OGP) საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა სამუდამოდ შეაჩერა.