აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტს ზურაბ პატარაძე დაიკავებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარიძე ბრუნდება - მისი კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ბატონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარვუდგინე. გადაწყვეტილება მივიღე აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერმინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე.
ზურაბ პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილება, ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებულად მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, სადაც ღირსეულად იცავდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
2016-2018 წლებში ბატონი ზურაბი იკავებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციას, სწორედ მის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება. ასევე, ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს მხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს.
დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ღონისძიებას ირაკლი კობახიძეც დაესწრო. მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს [თამაზაშვილი თავის მხრივ შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება] გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პატარაძეს წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ ზურაბ პატარაძემ მიხეილ ყაველაშვილს და ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.
ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ...
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ" - თქვა პატარაძემ.
პატარიძე აჭარის მთავრობის მეთაურად პირველად 2016 წელს დანიშნეს. არჩევიდან 2 წლის თავზე 2018 წლის ივლისში ის გადადგა და დიპლომატიურ სამსახურში წავიდა.