გენერალ-მაიორ მდინარაძეს კანცელარიაში სამუშაო კაბინეტს უმზადებენ - კობახიძის მოვალეობა ორად გაიყო

23.04.26 20:10
გენერალ-მაიორ მდინარაძეს კანცელარიაში სამუშაო კაბინეტს უმზადებენ - კობახიძის მოვალეობა ორად გაიყო

ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მომდევნო კვირიდან მთავრობის ადმინისტრაციაში გავლენებს გაიყოფენ. ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე ამზადებენ კაბინეტს გენერალ- მაიორისთვის, რომელიც ახლა ძალოვანი უწყებების კოორდინატორი იქნება.

კობახიძე ირწმუნება, რომ მდინარაძის გათავისუფლება გადაწყვეტილი იყო მაშინაც, როცა რამდენიმე საათით ადრე მას გენერალ მაიორის წოდება მიანიჭა. სულ 7 თვეში 7 წოდება მიანიჭა და ამბობს, რომ ყველას იმსახურებდა. 

მდინარაძე ჩაიბარებს ძალოვან მიმართულებას და იქნება ვიცე-პრემიერიც. რა ბედი ელის თავად პრემიერს - კობახიძეს მისი ცვლილების შესაძლებლობაზეც ვკითხეთ. პირდაპირი პასუხი არ ყოფილა. გვითხრა, რომ როტაციის შესახებ ინფორმაციას წინასწარ არასდროს გაამხელენ და ასე დატოვა გაურკვევლობა სამომავლო ცვლილებებზეც.

როგორც ჩანს, ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მათ იცოდნენ, ვისაც ეს ცვლილება შეეხო. კობახიძე ამტკიცებს, რომ ამაზე გუნდი 2 კვირა მსჯელობდა, თუმცა ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მინისტრებმაც კი ეკრანიდან შეიტყვეს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ოცნებაში საკადრო კრიზისია. ივანიშვილს ახლის შეთავაზების რესურსი აღარ აქვს, და არც არავის ენდობა იმდენად, რომ ერთ თანამდებობაზე დიდხანს დატოვოს.

ივანიშვილის ნაბიჯებში ლოგიკის პოვნა ბევრისთვის მარტივია, ზოგიერთისთვის კი ისევ რთულ ამოცანად რჩება. რატომ შეცვალა 6 წლის გარანტიით დანიშნული სუსის უფროსი, ან რა განაპირობებს გუნდში სხვების როტაციას. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილს მოქალაქეების ინტერესი არცერთ შემთხვევაში გაუთვალისწინებია და გადაწყვეტილებებს პირადი უსაფრთხოების და ძალაუფლების ინტერესებიდან იღებს.

რუსუდან დუმბაძე დეტალებით