სად გაქრა ფასების შემცირების დაპირება? როგორ იმართლებენ თავს "ოცნებაში" და რას პასუხობს ივანიშვილის გუნდს ხალხი
კობახიძე ისევ მოთმინებას ითხოვს, არადა მაღალმა ფასებმა ხალხის მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა. დეკემბერში დაანონსებული ფასების შემცირება ისევ არ გვინახავს. არ ვიცით როდის იქნება. აპრილის ბოლოს ჯერ დასკვნა უნდა დაიდოს, საიდანაც გავიგებთ ფასების შემცირების რესურსი თუ არსებობს და როდის გაიაფდება პროდუქტი.
მთავრობის რიხი შეიცვალა. ტონი შერბილდა, რა შედეგი დადგება ახლა? სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ კიდევ სჭირდებათ დრო.
რას ფიქრობს ამ დროს ხალხი, რომელსაც დაპირდნენ ფასების შემცირებას და მიიღეს უფრო გაზრდილი ფასები. პროდუქტების გაიაფებას აღარავინ ელოდება. პირიქით, აღმოჩნდა, რომ კობახიძის დაპირების შემდეგ ყველაფერი გაძვირდა. მოქალაქეები, რომლებსაც აუცილებელი საჭიროების პროდუქტებზე მაღაზიაში ყოველდღიურად მომატებული ფასები ხვდებათ, სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას ელოდებიან.
რას აკეთებს ამ დროს ფასების კომისია. სხდომა მინიმუმ ორი კვირაა არ გამართულა, ნინო წილოსანი რომელიც ქართულმა ოცნებამ სამუშაო ჯგუფში გაამწესა დღეს ამბობს, რომ ჯადოსნური ჯოხი არ აქვთ.