რა საკითხებზე ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსს - "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება

24.04.26 13:43
რა საკითხებზე ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსს - "ოცნებაში" პირველი კომენტარები კეთდება

„საყოფაცხოვრებო იმაზე ჩამოდიხართ რა - „გუშინ შენ მეზობელს ეჩხუბებოდი, რომ მაგისმა კატამ შენს ფეხსაწმენდზე მოისაქმა და დღეს როგორ ელაპარაკები?”- დაახლოებით ეგეთი საუბარია" - ასე პასუხობს "ოცნების" წევრი, გია ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილისა და მარტა კოსის შეხვედრის ამსახველ კადრებზე დასმულ კითხვას. 

  • ცნობისთვის, მაშინ როდესაც ივანიშვილის პარტია ევროკავშირის ელჩს მძიმე ბრალდებებს უყენებდა, სწორედ იმ დროს დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსთან ცდილობდა კომუნიკაციას. ამის ამსახველი კადრები საჯაროდ გაავრცელდა. ამიტომაც "პირველებმა" "ოცნების" წევრებს ჰკითხა, თუ რა ჰქონდა სათქმელი ბოჭორიშვილს ევროკომისრისთვის სათქმელი მაშინ, როცა "ოცნება" ევროკავშირის ელჩის დაბარებით იმუქრება. 

კითხვაზე, არის თუ არა ეს დამოკიდებულება მმართველი გუნდის მხრიდან ორმაგი სტანდარტი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ “არა და ეს სწორედ ის ერთმაგი სტანდარტია, რომელიც მათ არასდროს შეუცვლიათ.”

მე გელაპარაკებით მაღალ პოლიტიკურ ინტერესზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, იგივე ევროკავშირის ინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროკომისარიატს თუკი დაველაპარაკებით, ამაზე კარგი რა უნდა იყოს? მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არის დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. თუმცა ევროპულ გზაზე და მით უმეტეს თუკი ამ ევროპულ სტრუქტურებს კონკრეტული ადამიანები ხელმძღვანელობენ, მათთან შეხვედრა ჩვენთვის კარგია, მისასალმებელიც არის. მაგრამ სამწუხაროდ შედეგები ჯერჯერობით აბსოლუტურად შეუფერებელია იმ პოზიციასთან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელიც ევროკავშირსაც უნდა გააჩნდეს იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება.

მარტა კოსი იქნება, იუკნევიჩიენე, კუბილიუსი თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენი მონდომება და სურვილი არის თანამშრომლობა, დიალოგი, რაზეც ისინი არ მოდიან", - განაცხადა ვოლსკიმ. 

დამაზუსტებელ კითხვაზე, რა საკითხებზე შედგა მაკა ბოჭორიშვილისა და მარტა კოსის საუბარი, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ალბათ დარწმუნებული ვარ ტექსტი ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ერთმანეთში ყოველ დღე ვსაუბრობთ. საქართველო არ იმსახურებს ისეთ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ მარტა კოსისგან და სხვა ევროკომისრებისგან ვხედავთ. საქართველო არ იმსახურებს უსამართლობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონკრეტული მიზნის მისაღწევად არის მობილიზებული და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს. მაგრამ დიპლომატიური ენა არსებობს და ამ დიპლომატიური ენის გამოყენებით ისაუბრებდა და მაკას ეს არ შეეშლება”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 ელჩის დაბარების მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა დღეს "ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა. ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ დიალოგი აუცილებელია.

ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ ევროკავშირში ჩავიდეთ მიუხედავად ამ ყველაფრისა და დავიწყოთ საგნობრივი დისკუსია, შევიდეთ იმ სიღრმეებში, რასაც ისინი გვაბრალებენ და ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ერთმანეთს ეს ყველაფერი ავუხსნათ და გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, მიუხედავად ამდენი ბრალდებისა და დეზინფორმაციისა.ეს იქნება ქალბატონი კოსი თუ ქალბატონი კალასი - თუ გევქნება მათთან საუბრის საშუალება და იმ შესაძლებლობას მცირედი პერსპექტივა მაინც შეიძლება ჰქონდეს, რომ სამართლიანად მიუდგნენ ისინი საქართველოს, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ  რომ ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება "მიზანშეწონილია. "ოცნების" ლიდერმა დღეს პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მუქარა უწოდა და ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ელჩი "ტრაგიკულ მდგომარეობაშია"

დღეს ელჩის დაბარება ასევე მოითხოვა კახა კალაძემაც. 

რა თქვა ევროკავშირის ელჩმა: 

 პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება".

"საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება" - თქვა ჰერჩნკიმ.