"ეტყობა, კანონს არ გაცნობიხართ" - "ოცნების" დეპუტატი ბიზნესმენ რესან ქიქავას პასუხობს
"ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რესან ქიქავას პოსტს ეხმიანება და ბიზნესმენს ურჩევს, კანონი კარგად წაიკითხოს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც ბიზნესს საჯარო აქტივობას უკრძალავს.
დეპუტატი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ქიქავას, როგორც ინდივიდს, საჯარო აქტივობებში ჩართვის პრობლემა არ აქვს და კანონი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ ის მისი ბიზნესის სახელით ილაპარაკებს.
მივმართავ ბატონ რესანს. ბატონო რესან, ეტყობა, კანონს არ გაცნობიხართ. თქვენ შეგიძლიათ, იაქტიუროთ, შეგიძლიათ, პოსტები დაწეროთ, ემონსტრაციებში მონაწილეობა მიიღოთ, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ოღონდ ბატონი რესანის სახელით გააკეთეთ და ნუ გააკეთებთ ამას კომპანიის სახელით. შესაბამისად, კანონი თქვენს მიმართ აბსოლუტურად არანაირად არ მოქმედებს. ბატონო რესან, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ყველანაირი აქტივობა, რომელიც გსურთ ბატონი რესანის სახელით, გამობრძანდეთ ქუჩაში, ჩაატაროთ დემონსტრაცია, დაწეროთ პოსტები. აბსოლუტურად არანაირად თქვენ შეზღუდული არ ბრძანდებით, გარწმუნებთ ამაში. ეს კანონი არ ეხება ბატონ რესანს, ეს კანონი ეხება თუ ბატონი რესანი პოლიტიკურ საქმიანობაშ ჩაერთვება ბიზნესის სახელით და ა.შ. თორემ, თუ ბატონი რესანი იქნება ბატონი რესანი, როგორც ბატონი რესანი ისე გავაკრიტიკებს, დემონსტრაციებს ჩაატარებს, დროშას დაიჭერს, პარლამენტთან დადგება, იყვირებს, 521-ე დღეს შეუერთდება, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ აქვს, თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობს და შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ საჯარო აქტივობის შეწყვეტა საქართველოში მიღებულ ახალ კანონმდებლობას უკავშირდება. მისი განმარტებით, მოქმედი რეგულაციები ბიზნესის წარმომადგენლებს უზღუდავს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და პრაქტიკულად უზღუდავს აზრის საჯაროდ გამოხატვის უფლებას.
ქიქავა აღნიშნავს, რომ კანონი ბიზნესმენებისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს — მათ შორის ჯარიმებს, ბიზნესის ლიკვიდაციასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.