„ეს კანონი არის გამიზნული დაშინებისთვის“ — ალავიძე ბიზნესის შეზღუდვაზე
"ოცნების" ახალ კანონს, რომელიც ბიზნესს საჯარო საქმიანობას უკრძალავს, ეკონომისტები "დაშინების და გაჩუმების მცდელობად" აფასებენ. ნიკოლოზ ალავიძის შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლებისა და აქტიური მოქალაქეების შეკავებას და მათ საჯარო სივრცეში ჩართულობის შემცირებას.
მისი თქმით, ახალი კანონი განსაკუთრებით ეხება იმ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ხმამაღლა საუბრობს და ცდილობს, გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ დღის წესრიგზე.
ეს კანონი არის გამიზნული დაშინებისთვის. დაშინება არის გამიზნული იმისთვის, რომ გაჩუმდეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფები და ის პატარა ნაწილი, რომელიც დუმილს არ არჩევს და უბრალოდ, ამ ქვეყნის მომავლისთვის ან ქვეყნის მოქალაქეების მომავლისთვის, მათ შორის, დადუმებული მოქალაქეების მომავლისთვისაც ცდილობს, რომ რამე გააკეთოს და შექმნას რაღაც დოვლათი, ბიზნესზე მაქვს საუბარი, ახლა მათზეც მოხდა ასეთი მასირებული შეტევა. არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც ამით შეშინდება, არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც მთლიანობაშ დუმილს არჩევენ და კომფორტში არიან ამ დუმილის, ეს მათი მორალური კომპასის ამბავია. ეს კანონი, უბრალოდ, ამ მორალური კომპასის საქმიანობაში ერევა იმათთვის, ვისაც ეს კომპასი ჯერ გაფუჭებული არ აქვს, - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.
ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ საჯარო აქტივობის შეწყვეტა საქართველოში მიღებულ ახალ კანონმდებლობას უკავშირდება. მისი განმარტებით, მოქმედი რეგულაციები ბიზნესის წარმომადგენლებს უზღუდავს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და პრაქტიკულად უზღუდავს აზრის საჯაროდ გამოხატვის უფლებას.
ქიქავა აღნიშნავს, რომ კანონი ბიზნესმენებისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს — მათ შორის ჯარიმებს, ბიზნესის ლიკვიდაციასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.