შეხვედრა დელფოსში - "პირველების" ინფორმაციით, ბოჭორიშვილის და კოსის შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა

24.04.26 20:16
შეხვედრა დელფოსში - "პირველების" ინფორმაციით, ბოჭორიშვილის და კოსის შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა

ევროკომისარ მარტა კოსისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის გასაუბრების ამსახველი კადრები საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „პირველების“ ინფორმაციით, შეხვედრა საბერძნეთში, დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ დერეფანში შედგა, სადაც ორივე მხარე ღონისძიებას ესწრებოდა.

არსებული ინფორმაციით, საუბარი არაფორმალურ გარემოში გაიმართა. მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისართან კომუნიკაციის შესაძლებლობა ფორუმის დროს, სავარაუდოდ ვახშმის მიმდინარეობისას გამოიყენა და მასთან რამდენიმე კამერით მივიდა.

„პირველების“ ცნობით, ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი ან შეთანხმებული შეხვედრა — მხარეები ერთ სივრცეში შემთხვევით აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც მოკლე საუბარი შედგა.

რამდენიმეწუთიანი კომუნიკაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა თავდაპირველად სამთავრობო მედიამ გაავრცელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნულ გასაუბრებას სხვადასხვა რაკურსიდან იღებდნენ კამერები. რა იყო საუბრის კონკრეტული შინაარსი, ამ დრომდე უცნობია და სწორედ ეს რჩება ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად.

ამავე დროს, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ევროკომისარ მარტა კოსის მიმართ კრიტიკული განცხადებები გრძელდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც კოსს მწვავედ აკრიტიკებს.

კრიტიკა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მიმართულება ჩაიბარა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე საჯარო შეფასებები გააკეთა.

პარალელურად, სამთავრობო მედიასა და მასთან დაახლოებულ ექსპერტთა ნაწილში ვრცელდება ბრალდებები, რომლებიც კოსის საქმიანობას სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებთან აკავშირებს.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები