მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩს საგარეოში დაიბარებენ
პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ. "ოცნების" მაღალჩინოსნების მოთხოვნის შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილი აანონსებს, რომ ევროკავშირის ელჩს დიპლომატიურ უწყებაში ახსნა-განმარტებებისთვის მიიყვანენ.
დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას...დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სწორედ იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“.- თქვა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილი, რომელიც საბერძნეთში გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის გვერდით კამერების წინ ღიმილიანად პოზირებდა, ამბობს, რომ "ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შემაშფოთებელია".
„კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. ნამდვილად შემაშფოთებელია ქართველი ხალხის ინტერესების, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები გვესმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეტა სამინისტროში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო იბარებენ:
რა თქვა ევროკავშირის ელჩმა:
პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ "საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება".
"საქართველო გზაგასაყარზე დგას. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება" - თქვა ჰერჩნსკიმ.
ამის შემდეგ ჰერჩინსკი საგარეოშ დაბარება ჯერ კახა კალაძემ მოითხოვა, შემდეგ ირაკლი კობახიძემ. გუშინ კი "ოცნების" დეპუტატებმა იგივე მოთხოვნა წამოაყენეს.