პროკურორის მამას ყოფილი ბიზნეს პარტნიორები დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას ედავებიან
გახმაურებული საქმეების პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილი მამას ყოფილი ბიზნეს პარტნიორები დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას ედავებიან. ბეჟან ბეჟუაშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორები საგამოძიებო უწყებებში ჩივიან და ამტკიცებენ, რომ გავლენიანი პროკურორის მამამ მათ მოტყუებით წაართვა ბიზნესიც, ფულიც და უძრავი ქონებაც. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, დავა მილიონობით ლარს და სავარაუდო ქრთამის აღების ფაქტებს ეხება.
დოკუმენტებით რომელზეც წვდომაც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ირკვევა, რომ პირველი საჩივარი ბეჟუაშვილის წინააღმდეგ 2023 წლის 10 მარტს შევიდა - მომჩივანი თემურ ყარმაზანაშვილია. [საჩივრები პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ერთდროულად შევიდა].
- ყარმაზანაშვილი პროკურატურისგან ქონების თაღლითურად დაუფლებისა და შესაძლო ქრთამის მიცემის ფაქტის გამოძიებას, საგამოძიებო სამსახურისგან კი ბიზნეს წილების წართმევის საქმით დაინტერესებას ითხოვს. ამავე საჩივარში მომჩივანი ამტკიცებს, რომ ხმაურიანი საქმეების პროკურორის მამამ ბიზნესებზე დადებული ყადაღის მოხსნის სანაცვლოდ 350 ათასი ლარი გამოართვა და ამ ფულით "პროკურატურაში საქმის დალაგებას" დაპირდა. თეიმურაზ ყარმაზანაშვილის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის მიხედვით ბიზნესზე ყადაღის მოხსნის დასაჩქარებლად ბეჟან ბეჟუაშვილის წარმომადგენელს ფული 2021 წლის მარტში მოწმეების თანდასწრებით გადასცა. ყარმაზანაშვილი ამბობს, რომ გარიგების პირობა ასეთი იყო - ბეჟუაშვილი პროკურატურის გავლით მის კომპანიების ანგარიშებს ყადაღას საბიუჯეტო დავალიანების დაფარვამდე მოუხსნიდა, ვალის სრულად გასტუმრების შემდეგ კი ფულს ყარმაზანაშვილს უკან დაუბრუნებდა. ბეჟუაშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ამბობს, რომ როდესაც თანხის დაბრუნება მოითხოვა, ბეჟუაშვილმა უპასუხა, რომ თანხა მას აღარ ჰქონდა, რადგან პროკურატურაში მიიტანა.
ბეჟან ბეჟუაშვილს ნავთობის ბიზნესისა და მილიონობით ლარის შესაძლო მითვისებისთვის უჩივის ნავთობ კომპანია ველის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ყარმაზანაშვილი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დევს გია ბერიშვილის და ბესარიონ კეიდიას საჩივრებიც. ყველა მათგანი ყოფილ პროკურორს დიდი ფულის მითვისებაში ადანაშაულებს.
მენავთობეები ამტკიცებენ, რომ ბეჟუაშვილის კუთვნილ კომპანიებში დიზელის შესაძენად დიდ ფულს რიცხავდნენ, თუმცა მათი თქმით, ბეჟუაშვილმა ეს ფული პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
საჩივრის მიხედვით, გიორგი ყარამაზანაშვილის კომპანია "ველი" ბეჟან ბეჟუაშვილის კუთვნილ ნავთობკომპანიებთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, "ველი" საწვავის შესაძენად ფულს ბეჟუაშვილის კომპანიებში რიცხავდა. გადარიცხვებში ჩანს მილიონ-ნახევარი ლარი, საიდანაც 995 ათასი ბეჟუაშვილის ნავთობკომპანია "ზობ ტრეიდში" გადაირიცხა. ყარმაზანაშვილები ამტკიცებენ, რომ ხმაურიანი საქმეების პროკურორის მამამ ეს ფული მიითვისა.
ყარმაზანაშვილის უფლებამოსილების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე თაღლითობის და 339-ე ქრთამის მიცემის მუხლებით დაიწყო. გამოკიხეს მომჩივანები, დაიკითხა თავად ბეჟუაშვილიც, თუმცა 2023 წლიდან დღემდე საქმეს რეალური მსვლელობა არ მისცემია.
თავად ბეჟან ბეჟუაშვილი ბრალდებებს აბსურდული უწოდა. მას შემდეგ კი რაც "შაბათის ეთერმა" მას მომჩივანების თქმით მთავარი მტკიცებულება - ფინანსური გადარიცხვების ამსახველ დოკუმენტები აჩვენა, მან კამერის გამორთვა და ინტერვიუს შეწყვეტა მოითხოვა.
თემურ ყარმაზანაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც ბეჟან ბეჟუაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უჩივლა და ბიზნესწილების დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო.
გია ბერიშვილმა 2025 წლის 16 ივნისს საგამოძიებო სამსახურში განცხადება შეიტანა - ბერიშვილი ამტკიცებს, რომ ნავთობის შემომტან ექვს კომპანიაში "ჯითი ტრეიდ გრუპში", "ველში", "ზობ ტრეიდში", "ბიემპიში", "ვეგასა" და "აი ბი თრეიდინგში" წილებიც და ფულიც რეალურად მას ეკუთვნოდა. ბეჟუაშვილი კი კომპანიებს მხოლოდ ფიქტიურად მართავდა. ახლა ბერიშვილი ცდილობს გამოძიება და სასამართლო დაარწმუნოს, რომ გახმაურებული საქმეების პროკურორის მამამ ბიზნესთან ერთად საცხოვრებელი სახლიც კი წაართვა.
ბერიშვილი ამტკიცებს, რომ ბეჟუაშვილთან ერთად ბიზნესი, რომ დაეწყო, სახლი იპოთეკით დატვირთა და მილიონ ნახევარი პარტნიორს ნავთობის შესაძენად მისცა.
ნავთობის ბიზნესში საწყისი კაპიტალისთვის 300 ათასი დოლარი ჩადო ბესარიონ კედიამაც . დღეს კი ორივე ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ბეჟუაშვილმა მათ მიერ დაფუძნებული ბიზნესი სრულად მიითვისა.
მამის მისამართით არსებულ მძიმე ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს პროკურორი ბეჟუაშვილი. ის ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.
სასამართლოს ეზოში დგას თამარ ბეჟუაშვილის კუთვნილი "პორშე კაიენი", თუმცა ის მედიასთან არ ჩნდება. მამის ყოფილ ბიზნეს პარტნიორი ამბობს რომ ეს მანქანაც პროკურორს მან უყიდა.