ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის მოწმე ამბობს, რომ რუსეთში ზეწოლის ქვეშაა
თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს თბილისში მომხდარი რეზონანსული მკვლელობის მოწმის, როზა ნარცისოვას ვიდეოს.
ვიდეო-მიმართვაში რუსეთის მოქალაქე ყვება, რომ მას შემდეგ რაც ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა, რუსეთში ტერორისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა.
ნარცისოვას მტკიცებით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩვენება ფარცხალაძის და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის სხვა ფიგურანტების წინააღმდეგ ნებაყოფლობით მისცა, თუმცა რუსეთში დაკითხვის დროს აიძულებდნენ, რომ მისი სიტყვები უკან წაეღო.
ვწერ ვიდეოს, რადგან ვთვლი, რომ მე და ჩემს მეგობარს ილია მიკოლსკის საფრთხე გვემუქრება. იმ მიზეზით, რომ 2025 წლის ბოლოს საქართველოში ჩავედით ჩვენი კეთილი ნებით, რათა ჩვენება მიგვეცა, უფრო სწორად ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომელსაც ვფლობდით და ასევე დაგვეხასიათებინა კარგი ადამიანი, რადგან ის არა მხოლოდ ნაცნობი, მეგობარი იყო ჩვენი.
ჩავედით საქართველოში, პოლიციაში ჩვენი ნებით მივედით, არავინ გვემუქრებოდა, არავინ გვაიძულებდა. ძალიან პატივისცემით გვესაუბრნენ, თარჯიმანი მოგვიყვანეს და ჩვენ მივეცით ინფორმაცია, რომელსაც ვფლობდით, უფრო ზუსტად იმის შესახებ, როგორც გავიცანით, როგორ ვკონტაქტობდით [ლევან ჯანგველაძესთან].
ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია კონფლიქტის შესახებ, რომელიც ლევანს ძმებ მიქაძეებთან ჰქონდა და ჯოხაძესთან თუ არ ვცდები. ასევე მას კონფლიქტი ჰქონდა [ოთარ] რომანოვთან, ამის შესახებ არაერთხელ გვსმენია - ეს ჩვენ თავად ლევანისგანაც ვიცოდით და იმ ზარებიდანაც, რომელიც ჩვენს თვალწინ ხორციელდებოდა, სადაც ჩვენ ეს გვარები არაერთხელ გვაქვს გაგონილი.
მივეცით ჩვენება, წაგვაკითხეს ვიდრე ხელს მოვაწერდით მას, გვყავდა თარჯიმანი, როგორც უკვე ვთქვი. ჩვენ ყველაფერს ხელი მოვაწერეთ, ყველაფერი მოვყევით და სახლში გავემგზავრეთ.
და აი, სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო მუქარები ჩვენი მისამართით, ჯერ გამომძიებლებისგან - ჩვენ გამოგვიძახა გამომძიებელმა, ტელეფონში გვითხრა, რომ სწრაფად უნდა ჩავსულიყავით, რადგან დროში შეზღუდული იყო.
ვკითხე, რა მიზეზით, რა მოხდა. მითხრა, რომ რომანოვის წინააღმდეგ ჩვენებას ეხებოდა. მე ვუთხარი, რომ საიდან დაასკვანით, რომ რაიმე ტყუილს ჰქონდა ადგილი? შემდეგ მან წერილი გამოგვიგზავნა, ყველა ჩვენს ნაცნობს და მეგობარს დაურეკა რატომღაც"- ამბობს როზა ნარცისოვა ვიდეო-მიმართვაში.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმის მოწმე ქალი აღნიშნავს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს მამხილებელი ჩვენების კიდევ ერთ ავტორზე - ილია მიკულსკიზე.
- 42 წლის ილია მიკულსკი 2025 წლის 26 დეკემბერს გამოჰკითხეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. მედიის მიერ მოპოვებული ჩვენების მიხედვით რუსეთის მოქალაქე ამბობს, რომ მას ლევან ჯანგველაძემ დაუსახელა იმ კაცის სახელი და გვარი, ვისგანაც ელოდებოდა აშკარა სიცოცხლის [მოსპობის] საფრთხეს - „დამამახსოვრდა გვარი - რომანოვი“
როზა ნარცისოვა ამტკიცებს, რომ გამომძიებელმა უთხრა, რომ მათ წინააღმდეგ საჩივარი კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ შემოიტანა:
ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად წავედით ამ გამომძიებლებთან, ილია უფრო ადრე გამოიძახეს და როგორც გავიგე, მასზე ზეწოლა განხორციელდა. აიძულებდნენ ეთქვა ინფორმაცია, რომელიც მას არ გაუჟღერებია. ასევე მას ემუქრებოდნენ, რომ 20 წლით ციხეში გაუშვებდნენ. დამამცირებლად ექცეოდნენ, წაართვეს ტელეფონი, შევიდნენ მის მესენჯერში, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ცდილობდნენ, მასზე ზეწოლას. ილიას შემდეგ უკვე მე გამომკითხეს. გამოკითხვა დიდხანს არ გაგრძელებულა. სხვათა შორის, ილიას კამერითაც უღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა. იურისტი იქ არ ყოფილა, მხოლოდ ორი გამომძიებელი იყო, რომლებიც მას დამამცირებლად ექცეოდნენ.
მე ავუხსენი, რომ რაც იქ ვილაპარაკე, იმავეს გავიმეორებდი და დასამატებელი აღარაფერი მქონდა. ჩემთან მიმართებით უფრო ლოიალურები იყვნენ. გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩვენს გამო რომანოვი ძებნაში იყო და რომ მან განცხადება დაწერა. გაოცებული დავრჩი, რადგან ადამიანი, რომელიც ძებნაშია, პოლიციაში მისვლას და ვინმეზე საჩივრის დაწერას, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებს. ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა. ასევე გამომძიებელმა მითხრა, რომ რომანოვი კრასნოგორსკში ცხოვრობს და მან ჩვენზე საჩივარი დაწერა"- დასძენს რუსეთის მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეების როზა ნარცისოვას და ილია მიკულსკის ჩვენებები დევს ექს-გენპროკურორის, "კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში. ორივეს მონათხრობის თანახმად, ისინი მოკლული ჯანგველაძის ახლო გარემოცვის წევრები იყვნენ.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
სანქცირებულ ექს-პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს კი ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში სდებენ ბრალს. მას სასამართლომ პატიმრობა დღეს, 30 დეკემბერს, დაუსწრებლად შეუფარდა.
ფარცხალაძესთან ერთად, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, საგამოძიებო უწყებები ამბობენ, რომ მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.