გახარიას გუნდი ნათია თურნავას პარლამენტში იბარებს — ოპოზიცია ფასების ზრდაზე პასუხებს ითხოვს
პარტია „საქართველოსთვის“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას პარლამენტში დაბარებას ითხოვს.
ოპოზიციის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მისვლის შემთხვევაში, თურნავას მოუწევს განმარტოს, რატომ არ მცირდება ცხოვრების ღირებულება და რა ნაბიჯებს დგამს ეროვნული ბანკი ინფლაციის შესამცირებლად.
ოპოზიციური ძალების შეფასებით, დაპირებული ფასების დაწევის ნაცვლად, მოსახლეობამ კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქტები მიიღო.
გახარიას გუნდი აცხადებს, რომ ფასების საკითხზე მუშაობის ფარგლებში ე.წ. კომისიაზე სხვა პასუხისმგებელი პირების დაბარებასაც გეგმავს.
ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ ბიზნესის გარდა, აქ, რა თქმა უნდა, ბიზნესს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი ორგანოები არ ყოფილან პარლამენტში ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით, რომ ეროვნული ბანკი, კონკურენციის სააგენტო, სტატისტიკის სამსახური, ამ ორგანოების ხელმძღვანელები უნდა მოვიდნენ ამ კომისიასთან და მათ განმარტონ, პირველ რიგში, მათ რა წილი პასუხისმგებლობა აქვთ, იმიტომ, რომ "ოცნება" ცდილობს ხალხს მოაჩვენოს ისე, თითქოს ბიზნესის ბრალია, ამ დროს ბიზნესი ისე ოპერირებს, რა საშუალებასაც აძლევს მას, ამ შემთხვევაში, "ოცნება". ნათია თურნავა, ირაკლი ლექვინაძე და სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, რომელსაც უვადოდ გაუხანგრძლივა "ოცნებამ" თანამდებობაზე ყოფნის შესაძლებლობა. ეს სამი სტრუქტურაა, რომელიც დიდწილად არის პასუხისმგებელი ფასებზე, - ამბობს გიორგი შარაშიძე.
ამ ფონზე "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ. ლევან მაჭავარიანის თქმით, ფასების კომისია უკვე დასკვნას ამზადებს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
რა თქმა უნდა, მოლოდინი პოზიტიურია და ჩვენი საზოგადოება კარგად აკვირდებოდა თუ როგორი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, ორი თვის განმავობაში და ახლა არის უკვე დასკვნით ეტაპზე. ფასების კომისია ამზადებს უკვე ანგარიშს, თავის რეკომენდაციებს, რომელიც ძალიან მოცულობითი იქნება და შესაბამისად, ამ ყველაფერს წარუდგენს უკვე უახლოეს მომავალში საზოგადოებას და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მოლოდინი პოზიტიურია, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.