7 მლნ-ის პრემიები გაზის კორპორაციაში - ექსპერტები შესაძლო არამიზნობრივ ხარჯებზე მიუთითებენ
სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომელიც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებულ საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას ეხება, ექსპერტები მწვავედ აფასებენ და შესაძლო არამიზნობრივ ხარჯებზე მიუთითებენ.
მათი განცხადებით, სახელმწიფო კომპანიები უნდა ემსახურებოდნენ მოგების გენერირებას და ამ რესურსის ბიუჯეტში გადატანას, თუმცა რეალობაში, მათი თქმით, თანხები არაეფექტიანად იხარჯება. ბესიკ დონაძის განცხადებით, აუდიტის დასკვნაში საუბარია მილიონობით ლარის პრემიებზე, რომლებიც სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ვერ დასტურდება, რა შედეგის საფუძველზე გაიცა აღნიშნული თანხები.
ეს სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპანიები უნდა ემსახურებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ერთს - იმუშავონ, ნახონ მეტი მოგება და ეს მოგება შეიტანონ სახელმწიფო ბიუჯეტში, რომ მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა არის ის, რომ მათ რაც შეიძლება მეტი ფული უნდა წაიღონს სახლში. და, ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია არია გაზის ტრასნპორტირების ორგანიზაცია, სადაც, მაგალითად, სახელწიფო აუდიტის დასკვნაში არის ასეთი ჩანაწერი, რომ 7 მლნ ლარი წაიღეს სახლში ისე, რომ არ საბუთდება პრემიების საჭიროება, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ დაასაბუთა თანაშრომელმა, რა იმუშავა იმის შესაბამისი, რომ მას პრემია უნდა გამოეწეროს. ანუ ეს ორგანიზაციები არიან იმისთვის, რომ ქოცის აქტივისტები, მათი ოჯახის წევრები, პარტიული აქტივი და ა.შ. ანუ ამათ საკვებად არის, - ამბობს ბესი დონაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე კი ამბობს, რომ გაუმჭვირვალე სისტემა აჩენს კითხვებს — კონკრეტული თანხები კონკრეტული პირების ჯიბეში მიდიოდა თუ არსებობდა სხვა ტიპის განაწილების მექანიზმი. მისი შეფასებით, არსებული მონაცემები შესაძლოა მხოლოდ ნაწილია და რეალური სურათი გაცილებით ფართო იყოს.
ჩნდება კითხვა, ეს კონკრეტული პირის, კონკრეტული პირების ჯიბეში მიდიოდა თუ ეს იყო რაღაც გარკვეული სალარო, რომლის ფინანსებიც განკარგვაც ხდებოდა უკვე შეიძლება სულაც პარტიული საჭიროებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ თქვენ ხომ ფიქრობთ, რომ ამ თანამდებობაზე, ამ კორპორაციის შეფების თანამდებობებზე ინიშნებოდნენ განსაკუთრებით ლოიალური და განსაკუთრებით დაახლოებული პირები. რაკი ამაზე ინფორმაცია არ გაიცემოდა, გამჭვირვალე არ იყო სისტემა, ბუნებრივია, რომ ფანტაზია არ გვეყოფა სადამდე შეიძლება, წავიდეთ, ვივარაუდოთ, სად წავიდა, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული ეს 7 მლნ-ი, მანამდე სხვა წლებშ დაფიქსირებული ეს სხვადასხვა თანხები, რომელიც შეიძლება სულაც ნაკლები კი არა, მეტი იყო. აისბერგის მწვერვალის ყველაზე პიკური მონაკვეთი ვიცით ჯერ ჩვენ, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
ანგარიშის მიხედვით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად, 2022-2023 წლებში 7,184,584 ლარის ოდენობით გაცემული პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული.