ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ვერდიქტის მოლოდინში - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება

29.04.26 18:18
ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ვერდიქტის მოლოდინში - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება

ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ვერდიქტის მოლოდინში - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 6 მაისს გამოაცხადებს. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული. ამ დღეს სავარაუდოდ, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს გიორგი მიქაძე.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს. სასამართლოს გარე და შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, რადგან  ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა მიქაძე/ჯანგველაძის გარემოცვის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.  

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები