ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დაინტერესდება თუ არა გამოძიება ირაკლი უსოიანით?

29.04.26 18:42
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დაინტერესდება თუ არა გამოძიება ირაკლი უსოიანით?

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულები ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე არიან, სახელმწიფო ბრალდებამ რეპლიკის უფლებით ისარგებლა.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძეს მის სიტყვაში თქვა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ირაკლი უსოიანს პირადი ინტერესი ჰქონდა ლევან ჯანგველაძის მიმართ, რადგან სჯეროდა, რომ მისი ბაბუის მკვლელობაში ჯანგველაძეების ხელი ერია. აღნიშნულის გამო, მასთან ბიზნესდაპირისპირებაში მყოფ ოთარ ფარცხალაძეს და მიქაძეებს დაუკავშირდა და მკვლელობა შეუკვეთა, თავის მხრივ კი, მიქაძეები დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს.

პროკურორის თქმით, ამ ყველაფერს ერთობლიობად ასაბუთებს მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის ჩვენებაც.

მოცემულ შემთხვევაში, ეს არის მოცემულ საქმეში გამომძიებლის ჩვენებით, სადაც ასახულია , რომ უსოიანმა გამოიყენა ამ შემთხვევაში ის შანსი, რომ ფარხალაძე- ჯანგველაძეს დაპირისპირება ჰქონდა და შეკვეთით და ანგარებით განხორციელდა ლევან ჯანგველაძის მვკლელობა. უსოიანის შესახებ ინფორმაცია მოწოდებული აქვს რომიკო გოგიაშვილს. ფარცხალაძის და მიქაძეების ბრალეულობა არა მარტო რომიკო გოგიაშვილის, არამედ სხვა მოწმეთა ჩვენებებითაც დგინდება. არა მარტო კოკა მორგოშია, მიხეილ ბერძენიშვილიც", - განაცხადა პროკურორმა. 

"პირველების" ჟურნალისტმა საქმის პროკურორს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჰკითხა, თუ რატომ არ ინტერესდება გამოძიება დედ ჰასანის" შვილიშვილ ირაკლი უსოიანით, რაზეც ლევან ვეფხვაძემ ასე უპასუხა:

ყველა საჭიროებიდან გამომდინარე, საქმის მოცულობიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობს ლევან ვეფხვაძე. 

მიქაძეების ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას, რომელიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად ირაკლი უსოიანს ასახელებს, ის გამოკითხულიც კი არ ჰყავს. 

ის გამოკითხულიც არაა, მცდელობაც არაა. იქნებ, ეამაყება რომ შური იძია, იქნებ აღიარებს? გამოკითხეთ? - თქვა დღეს ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. 

პროკურატურამ ირაკლი უსოიანი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად დაასახელა. მის მიმართ არაფერია გაკეთებული. შეიძლება სასამართლოს წარმოუდგინო სქემა, რომლის სათავეშიც ირაკლი უსოიანია და მის წინააღმდეგ ბრალდებაც არ აქვთ წარდგენილი...

უსოიანის გვარი პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის გარდა, არ უხსენებია არავის, გვაქვს მხოლოდ მისი პატაკი. უსოიანი დღეს ამ საქმის სქემის სათავეში აღმოჩნდა, მაგრამ ის გამოკითხულიც არაა, მცდელობაც არაა. იქნებ, ეამაყება რომ შური იძია, იქნებ აღიარებს? გამოკითხეთ?

სასამართლომ უნდა გამოიცნოს მიქაძეებს ინფორმაციას ფარცხალაძე აწვდიდა თუ არა? ამის მტკიცებულება არაა წარმოდგენილი. სასამართლომ უნდა ჩაწეროს განაჩენში, რომ ფარცხალაძე ინფორმაციას მიქაძეებს აწვდიდა? თუ ამას ფარცხალაძე აკეთებდა, ამის მტკიცებულება არ უნდა იყოს? ამის მტკიცებულება შეიძლება იყოს - „აბა ვინ იზამდა, ფარცხალაძეს გავლენები აქვს რუსეთშიო“?

როდის ესაუბრა უსოიანი ფარცხალაძეს, როდის დაელაპარაკა ის მიქაძეებს, მიქაძეები ჯოხაძეს და ის უძილაურს? ერთ პირდაპირ მტკიცებულებას მაინც ვითხოვ შეხვედრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კორძაძემ.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 6 მაისს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები