მდინარაძე სახელმწიფო მინისტრი სამინისტროს გარეშე იქნება - კიდევ ვის შეეხება სამთავრობო ცვლილებები?
სალომე ზურაბიშვილი დიდ ცვლილებებს აანონსებს. მეხუთე პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე მაკა ბოჭორიშვილმა ჩაანაცვლოს. პოლიტიკური მითქმა-მოთქმის შემდეგ ეს ინფორმაცია ახლა უკვე მეხუთე პრეზიდენტმა გაავრცელა.
მანამდე კი კობახიძეს ფუნქციები შეუკვეცეს. ყველაფერი მამუკა მდინარაძეს უნდა გაუყოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამინისტროს გარეშე რჩება, კობახიძე კი მაინც ამტკიცებს, რომ ეს მამუკა მდინარაძის დაქვეითება არ არის. პრემიერს უკვე ერთი კვირაა უწევს განმარტება, რატომ შეუცვალეს მდინარაძეს თანამდებობა. განმარტებას კი ახლავს აღიარებაც, რომ მდინარაძე სუს-შიც უფლებამოსილებებს აჭარბებდა და აკეთებდა საქმეს, რომელიც მის მანდატში არ იყო.
დასრულდა თუ არა სამთავრობო ცვლილებები ამით - კითხვა მაინც აქტუალურია, რადგან პოლიტიკურ წრეებში დადის ხმები, რომ ცვლილება მალე პრემიერის პოსტსაც შეეხება. მდინარაძის დასუსტებით და მისთვის ძალაუფლების ჩამორთმევით რეალურად კობახიძეც სუსტდება. ეს ფორმალურადაც ასე გამოიყურება. რადგან მდინარაძის კანცელარიაში გადასვლით პრემიერს გავლენების დათმობა უწევს. ოცნებაში ტრადიციულად არაფერი იციან.
არადა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე კადრებს უკვე არჩევს. სიახლე არც აქ იქნება. თუ გადაწყვეტილება გამოცხადდება, კობახიძეს ისევ სამთავრობო გუნდიდან ჩაანაცვლებენ. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა მომავლ პრემიერად ივანიშივილი ქალს ხედავს.
რატომ დანიშნა ირაკლი კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილი ვიცე-პრემიერის პოსტზე. ოცნების ლიდერი განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ გადაწყვეტილებაშიც ეს განაცხადი უნდა ამოვიკითხოთ.