როგორ შეარჩია გდდ-მ ხაბეიშვილის საქმეზე მოწმეები? - სუს-ის გამომძიებლის ჩვენება სასამართლოზე

01.05.26 14:01
როგორ შეარჩია გდდ-მ ხაბეიშვილის საქმეზე მოწმეები? - სუს-ის გამომძიებლის ჩვენება სასამართლოზე

 

 

სუს-ის გამომძიებელი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის ექსპერტიზა დასრულებული ისევ არაა - დღეს სუს-ის თანამშრომელ  შაქრო ხარშილაძეს, რომელიც სასამართლო პროცესზე მოწმის სახით იყო მისული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატებმა ჰკითხეს გახსნა თუ არა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი და მასში არსებული ინფორმაცია, რატომ არ არის სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი. 

აღნიშნულზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ექსპერტიზა დასრულებული არაა.

„მობილური ტელეფონი, რომელიც ამოვიღეთ, დავლუქეთ. დანიშნულია ექსპერტიზა და გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში",- განაცხადა ხარშილაძემ.

დღეს ხარშილაძეს კითხვები დაუსვა ლევან ხაბეიშვილმაც და ჰკითხა, მისი საქმის გარდა არსებობს თუ არა პრაქტიკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომ რომელიმე უწყებისთვის მომწმეები მოეთხოვათ - ანუ სუს-ს მოწმეები გამოეძახებინა, რაზეც დღეს სუს-ის გამომძიებელმა თქვა, რომ მსგავსი რამ არასოდეს არ ყოფილა.

გამომძიებლის თქმით, მათ გდდ-ს დირექტორს, რომან ქარცივაძეს, წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს, „გამოკითხვის მიზნით, მოწმის სახით გამოეყოთ მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები“.

2025 წლის 10 სექტემბრით დათარიღებულ წერილს რომან ქარცივაძემ იმავე დღეს უპასუხა.

„მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით წარმოგიდგენთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაცემებს: პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, შოთა პაპუაშვილი; პოლიციის მაიორი შოთა არჯევანიძე და პოლიციის მაიორი ბექა რუხაძე“, - ეწერა განცხადებაში.

გამომძიებელმა ასევე დღეს ვერ უპასუხა ოპოზიციონერის კითხვას - დანამდვილებით შეუძლია თქვას თუ არა, რომ საქმეში სამი გამოყოფილი მოწმიდან არცერთი არ მონაწილეობდა ხაბეიშვილზე თავდასხმაში. 

ვინც ჩემს წამებში მონაწილეობდა, შეიძლება მან მისცა ჩვენება ჩემს წინააღმდეგ. მე მაინტერესებს, გამომძიებელმა რომ დაიწყო, იქნებ გდდ-ს უფროსმა ის სამი სპეცრაზმელი მიაწოდა, ვინც ჩემს წამებში მონაწილეობდა.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის სამი კაცი, ვისაც ჩემს წინააღმდეგ რაღაც დააწერინეს, არ აღმოჩნდებიან ისინი, ვინც მე მაწამა? მაშინ რა ეშველება ამ საქმეს?", - განაცხადა სხდომაზე ხაბეიშვილმა.

როგორც მოწმემ განმარტა, 2025 წლის 9 სექტემბერს შესასრულებლად დაეწერა ოპერატიული მუშაკის, გიორგი წვერავას პატაკი, სადაც საუბარი იყო ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებებსა და დაპირებებზე.

მას სასამართლოზე ჰკითხეს, სიტყვა „მშვიდობიანი“ გამორიცხავს თუ არა ძალადობას და „კონსტიტუციური“ გამორიცხავს თუ არა უკანონოს, რაზეც გამომძიებელმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა, განაცხადა, რომ დამხობა მშვიდობიანი ვერ იქნება.

„დამხობის წინ „მშვიდობიანს“ იტყოდა თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს დასჯადი ქმედებაა, მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ეს თავისთავად დამხობას გულისხმობს, როგორც მშვიდობიანი ძარცვა არ არსებობს, მშვიდობიანი დამხობაც არ არსებობს“, - განაცხადა ხარშილაძემ.

მანამდე კი სასამართლოში ჩვენება სუს-ის ოპერატიულმა მუშაკმა, გიორგი წვერავამ მისცა. სწორედ მისი ინფორმაციული პატაკის საფუძველზე დაიწყო ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება.

„საჯარო სივრცეში ლევან ხაბეიშვილის მიერ ძალოვანი სტრუქტურის მიმართ მოწოდება ხდებოდა, ის გდდ-ს თანამშრომლებს 200 000 დოლარს ჰპირდებოდა, რათა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივი ქმედებები არ განეხორციელებინათ. ის ასევე სთავაზობდა, წვრთნასა და ვარჯიშზე უარი ეთქვათ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გდდ-ს თანამშრომლები გადმოებირებინა და როცა ხელისუფლება შეიცვლებოდა, მათ ამ თანხას მისცემდა“, - განაცხადა წვერავამ.

ხაებისვილი, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

ის დაადანაშაულეს სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ქრთამის, „200 000 დოლარის საჯაროდ შეთავაზებაში“.

დაკავებიდან მალევე მას ახალი ბრალდებაც წარუდგინეს:

  • ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
  • ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

 

მსგავსი სიახლეები