მოგმართავთ ექიმებს, მოითხოვეთ სააკაშვილის მონახულება - ელენე ხოშტარიას საგანგებო მიმართვა
დროას ლიდერი ელენე ხოშტარია კონსილიუმის წევრ ექიმებს მიმართავს, პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის გარეშე შევიდნე მიხეილ სააკაშვილთან და საზოგადოებას გააგებინონ, რა მდგომარეობაშია საქართველოს მესამეპრეზიდენტი.
სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად ჩიხური მდგომარეობა, ჩვენ პრაკტიკულად არ ვიცით და სხვადასხვა წყაროებით ვიგებთ ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ცნობები, რომლებიც გამოდის ბოლო დღეებში და ბოლო საათებში, არის ძალიან საგანგაშო, ეს ცნობები არის ძალიან კონკრეტული, რომ ის ვერ დგება, მას აქვს ღებინება, აქვს ყვითელი ფერი, წნევა, კალიუმი ძალიან დაბალ ნიშნულზე, რაც ნიშნავს გულის პრობლემებს. ეს დამატებული იმ პირობებთან, რომელშიც ის იმყოფება, ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის ციხე, სადაც მისი მკურნალობის კითხვისნიშნები არის ძალიან ლეგიტიმური"- აცხადებს ხოშტარია.
მისი თქმით, სახელმწიფო არ იცავს სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებს.
მე მინდა მივმართო ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. კონკრეტულად ასევე იმ ექიმებს, ვინც შედიოდნენ კონსილიუმში და აქვთ ინსტიტუციური ბერკეტი, რომ ჩაერიონ სიტუაციაში"- თქვა ხოშტარიამ.
"დროას" ლიდერმა კონკრეტულ ექიმებს მიმართა:
ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი - მინდა მივმართო ძალიან დიდი პატივისცემით, მიუხედავად იმისა, რომ არ არის პენიტენციური ინსტიტუტიდან დღეს მოთხოვნა თქვენს შესვლასთან დაკავშირებით, იქნებ თქვენ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი და რა სჭირდება მის მკურნალობას.
ბატონი გიორგი გოცაძე, კრიტიკული მედიცინის ექიმი, იგივე თხოვნა მაქვს, მე მესმის და არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი თქვენს პროფესიულ ეთიკაში და პროფესიონალიზმში, მოგმართავთ ადამიანი, რომელიც ასევე შიმშილობს მეთორმეტე დღეა და ღელავს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი შფოთვა და მღელვარება. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ ბატონ სააკაშვილთან შესვლა. ქალბატონი ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგი, ასევე კონსილიუმის წევრი, მაქვს იგივე თხოვნა. ქალბატონი ნინო შარაშენიძე, ასევე დიდი მოწიწებით და პატივისცემით.
კიდევ ერთხელ, ვიხდი ბოდიშს, რომ მე ვერევი სხვა პროფესიის და ინსტიტუტების საქმიანობაში. ერთადერთი, რაც მე მამოძრავებს, ეს არის საზოგადოებრივი გარკვეული სიცხადის შემოტანა, რაც იქნება საფუძველი გარკვეული სიმშვიდის, რომ ვიცოდეთ რა ხდება და ვიმოქმედოთ შესაბამისად. დღეს, გლდანის ციხის განცხადებები და პირობები დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ მოგვცემს. მე კი ძალიან პრინციპულად, მყარად, მხნედ და შეუპოვრად ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში". - ამბობს ხოშტარია". - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.