ბალი, მარწყვი, ატამი - ხილის ბაღების უკან დამალული ოფშორები - ჟურნალისტური გამოძიება
ბიძინა ივანიშვილი კახეთში მარწყვის, ბლის, ბროწეულის და ატვის ბაღებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული ფირმების გავლით ფლობს.
- "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ 10 ჰექტარზე მეტი მიწა გურჯაანის რაიონში კომპანია "კომპლექს სერვისის" სახელზეა გაფორმებული, თავად "კომპლექსსერვისი" კი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ,,ფინსეკ ლიმიტედის’’ საკუთრებას წარმოადგენს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის "კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში 9 ოფშორული კომპანიის საშუალებით, 70 ქართულ შპს-ს ფლობდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესებიდან 4 დღეში, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა საკუთარი კომპანიების, ოფშორებიდან საქართველოში გადმოტანის პროცესი დაიწყო, თუმცა "შაბათის ეთერმა" მიაკვლია მინიმუმ 3 ქართულ კომპანიას, რომლებსაც ივანიშვილი, ამ დრომდე, ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს. მათ შორისაა ,,კომპლექს-სერვისიც,’’ კომპანია, რომელიც მილიარდერის რეზიდენციების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს და კარდენახში 100 ათას კვადრატულზე მეტ მიწის ფართობს ფლობს.
- სამივე კომპანია, რომელსაც ივანიშვილი საქართველოში ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით ფლობს, მის პირად მომსახურებასთან არის დაკავშირებული:
"კოპლექს სერვისი" ივანიშვილის რეზიდენციებს პატრონობს. "აკვა სერვისიც" ის კომპანიაა, რომელიც ანალოგიური დასახელების მქონე რუსული ფირმის საშუალებით, რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს, მოსკოვში ფლობს. მესამე - შპს ახალი სერვისის გავლით კი, ივანიშვილი, ახლობლებსა და ნათესავებს ხელფასებს უხდის.
მარწყვის, ბროწეულისა და ბლის მოყვანასა და თუნდაც რეალიზაციას, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის საფარქვეშ ყოფნა რომ არ სჭირდება, ცხადია, ამიტომაც კორუფციის მკვლევარებს უჩნდებათ კითხვა, რატომ დაიტოვა ახალი სანქციების დაწესების რისკის ქვეშ მყოფმა ივანიშვილმა კარდენახის ეს ხილის ბაღები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული ფირმის საკუთრებაში?
დოკუმენტების მიხედვით, კარდენახში 100 000 კვ.მ. ტერიტორიას ივანიშვილის ოფშორული ფირმა ფლობს, თუმცა ამავე დოკუმენტების მიხედვით, ფართობს თავად არ განაგებს. მიწა 10 წლიანი იჯარით "შპს ბაკურციხეზეა" გაცემული. შპს ბაკურციხის მფლობელი და დირექტორი, გურჯაანის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მამა 75 წლის შალვა ბერიძიშვილია.
- საკრებულოს თავმჯდომარის მამამ "შაბათის ეთერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს, უნებურად აღიარა, რომ გარიგება ივანიშვილის კომპანიასთან ფიქტიურია. ანუ გამოდის, რომ ბატონი შალვა სინამდვილეში მოიჯარე კი არა, მილიარდერის ხეხილის მომვლელია.
კორუფციის მკვლევარებს უჩნდებათ განცდა, რომ მეურნეობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი მოხმარებისთვის, მისთვის ეკოლოგიურად სუფთა ხილის მოსაყვანად არსებობს. აქაურობის მესაკუთრე ოფშორული კომპანია კი რეალურად, სულ სხვა მიზნებისთვის დაიტოვა.
მათივე ვარაუდით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ, სრულად ანონიმურ ,,ფინსეკ ლიმიტედს’’ დასანქცირებული მილიარდერისთვის, ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე კარდენახის მარწყვი და ალუბალია.
ექსპერტების თქმით, ფული, რომელიც შესაძლოა ოფშორებში ჩატოვებული კომპანიების საშუალებით, საქართველოში ირიცხებოდეს, ანონიმურობის თვალსაზრისით სრულად დაცულია. ვერავინ გაიგებს ვინ რიცხავს, საიდან და რამდენს.
ბიძინა ივანიშვილის მიწაზე მომუშავე "შპს ბაკურციხეს" ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სოფლის განვითარების სააგენტოსგამ 126 ათასი ლარი აქვს მიღებული. ამავე კომპანიამ მიიღო, მიწისქვეშა მტკნარი წყლების მოსაპოვებლად საჭირო ლიცენზიაც.
მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ბატონ შალვას, ბიძინა ივანიშვილის 10 ჰექტარში, ყოველთვე მხოლოდ 1000 ლარი აქვს სახდელი.