როგორია "დეილი ჯგუფის" ინიციატივა ფასების შესამცირებლად?
შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს - ამის შესახებ „დეილი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, ინიციატივა მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.
"ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლობიანი ჩართულობით" - წერს "დეილი".
მათივე თქმით, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჰოლდინგი სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას იწყებს, რომელიც მიზნად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას ისახავს.
„შენთვის შერჩეული“ - ინიციატივა
„რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლიანი ჩართულობით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოციაციის მიერ ინიცირებული „საოჯახო კალათის“ მიდგომა, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ქსელების მხრიდან შერჩეულ პროდუქტებზე სპეციალური, მუდმივი საფასო პოლიტიკის დანერგვას.
ამავე ხედვას ეხმიანება ჩვენი ჰოლდინგის ინიციატივა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგის მისაღწევად მოკლევადიან პერიოდში.
საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს — ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის. ეს პროდუქტები წინასწარ იქნება შერჩეული და წარმოდგენილი ჩვენი ჰოლდინგის თითოეული ბრენდის ქსელში ერთიანი კომუნიკაციით.
ჩვენი მიზანია:
• შევამციროთ მომხმარებლის ფინანსური წნეხი ყოველდღიურ პროდუქტებზე
• შევთავაზოთ სტაბილურად დაბალი ფასები შერჩეულ კატეგორიებზე
• გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლი ბაზარზე
პროექტის ფარგლებში:
• შერჩეულ პროდუქტებზე დაწესდება მინიმალური სავაჭრო მარჟა
• მომხმარებელს ექნება მარტივი იდენტიფიკაცია (სპეციალური ნიშნულები/პოსტერები)
• ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილური
ინიციატივა სრულად შეესაბამება იმ მიდგომას, რომელსაც რითეილ ასოციაცია უსვამს ხაზს — ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული, კოლაბორაციული და პასუხისმგებლიანი მოქმედება. ამასთანავე, იგი ქმნის საფუძველს მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილესთან — მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან — თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, რაც კრიტიკულია საბოლოო შედეგის მისაღწევად.
„შენთვის შერჩეული“ წარმოადგენს ჩვენს კონკრეტულ წვლილს იმ საერთო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას და ბაზარზე ჯანსაღი, გრძელვადიანი პრაქტიკის დამკვიდრებას. ",- წერია განცხადებაში.
დაპირების მოუხედავად, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.
კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.
დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.
- პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
- დოკუმენტი, რომელიც 70-მდე კომპანიასთან შეხვედრასა და 80-ზე მეტი ბიზნესის საოპერაციო ხარჯების ანალიზს ეფუძნება, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნება.
- კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა მედიასთან თქვა, რომ დასკვნა ჯერ ბიუროზე გავა კენჭისყრაზე, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის გადაეცემა.