ჩინოვნიკების კაბინეტები ქირით - ექსპერტები შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ

03.05.26 20:15
ჩინოვნიკების კაბინეტები ქირით - ექსპერტები შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ

„შაბათის ეთერის“ მიერ გასაჯაროებულ ფაქტებს კორუფციის მკვლევარები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველად აფასებენ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო უწყებების ნაწილი წლების განმავლობაში ნაქირავებ შენობებში ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინფრასტრუქტურისთვის ბიუჯეტიდან თანხები უკვე გამოყოფილია. რიგი პროექტები კი დაუსრულებლად დარჩა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აუცილებელია გაირკვეს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები ადმინისტრაციული შენობების ქირაში.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სპორტის სამინისტროსა და ირანის მოქალაქეების კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიუჯეტიდან შენობის ქირაში პირველ რვა თვეში 169 ათასი დოლარი გადაიხადეს, ხოლო შემდგომში ყოველთვიური გადასახადი 22 ათას დოლარს შეადგენს. დოკუმენტს ხელს მინისტრი შალვა გოგოლაძე აწერს.

კორუფციის მკვლევარი ქეთევან ენუქიძე აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა კორუფციის ერთ-ერთ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს და ამ თანხების საბოლოო დანიშნულება ხშირად გაუმჭვირვალეა.

გამოძიებაში საუბარია სხვა პროექტებზეც — მაგალითად, 16-სართულიანი შენობა, რომლისთვისაც სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკიდან დაახლოებით 10 მილიონი ლარის სესხი აიღო, დღემდე დაუსრულებელია. ამ ფონზე, გაერთიანებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანია თანამშრომლებისთვის ნაქირავებ შენობაში მუშაობს, რაც ბიუჯეტს წლიურად 1.7 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

ქირით ფუნქციონირებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც — შესაბამის შენობაში გადასახდელი თანხა 391 ათას ლარს შეადგენს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ შემთხვევებში შესაძლოა კორუფციის ნიშნებთან ერთად ადგილი ჰქონდეს არაეფექტიან მენეჯმენტსაც.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლსარეიშვილის რეპოტრაჟში. 

მსგავსი სიახლეები