"მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს" - ირაკლი კობახიძე
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ ვმონაწილეობ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს.
მისი თქმით, ამიერკავკასიის და ზოგადად, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული, საქართველო შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე იქნება საუბარი.
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში პირადად მე მეხუთედ ვმონაწილეობ. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას. ზოგადად, ამიერკავკასიის და საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან, ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას რამდენიმე საათის წინ ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერევნის „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში ქართულ დელეგაციას სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა.
ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი არიან.