კაია კალასი: საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

04.05.26 12:52
კაია კალასი: საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ჟურნალისტებთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს.“

მისი თქმით, სწორედ ეს არასწორი ნაბიჯები იწვევს შეზღუდვებს დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კაია კალასმა.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება.

წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.