"ქართული ოცნება" ფასების ზრდასთან დამარცხდა - თამაზ დათუნაშვილი
უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ფასების ზრდასთან დამარცხდა!, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა თამაზ დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის, რომ ქვეყანაში ფასების ზრდის მწვავე კრიზისია, "ოცნებამ" თავად აღიარა.
დათუნაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი საწვავზე აქციზის შემცირებაშია, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. 5 თვე გავიდა ირაკლი კობახიძის მიერ ფასების შემცირების დაანონსებიდან და საპარლამენტო კომისიის შექმნის, სუსის მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ფასების ზრდასთან დამარცხდა! საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სასურსათო პროდუქცია მკვეთრად გაძვირდა, კერძოდ, თევზეული გაძვირებულია 21.3%-ით, ხილი 11.8%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.%-ით, ბოსტნეული 9.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.7%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული 7.3%-ით და რძე, ყველი და კვერცხი 4.5%-ით. გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც, რადგან ქართულმა ოცნებამ მოქალაქეებს ელექტროენერგია 1 აპრილიდან 30%-ით გაუძვირა. ფასების ზრდასთან ერთად, ქართული ოცნება ჯარიმებსა და საჯარო სერვისების ფასებსაც ზრდის, რაც მოქალაქეებისთვის ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის: 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50-დან 75 ლარამდე გაიზარდა ქორწინების რეგისტრაციის ღირებულება; 100-დან 150 ლარამდე პასპორტის აღება; 30-დან 60 ლარამდე პირადობის მოწმობის აღება; 55-დან 150 ლარამდე გაიზარდა ქონების რეგისტრაცია; 70-დან 200 ლარამდე გაიზარდა ავტომობილის რეგისტრაცია. საქართველოში არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისი, რაც ქართულმა ოცნებამ თავად აღიარა! თუმცა გამოსავალი არსებობს, პირველ რიგში, უმოკლეს ვადებში არის საჭირო საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, რაც მოქალაქეებს ხარჯებს შეუმცირებს და სხვა პროდუქტების ფასების ზრდას შეაჩერებს. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, საჭიროა მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს არ ჰქონდეთ არჩევანი გასაკეთბელი საკვებისა და მედიკამენტების შესყიდვას შორის, - განაცხადა დათუნაშვილმა.