„გახარია საქართველოსთვის“ შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით ეკლესია მშვიდობის, ეროვნული ერთიანობისა და საზოგადოების თანადგომის მთავარი საყრდენი დარჩება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შიო III-ს „ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის“ შესრულებაში წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ საქართველოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში. გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა.
სინოდის წევრთა ხმები ასე გადანაწილდა: [კენჭისყრაში მონაწილეობა სინოდის 39-მა წევრმა მიიღო].
- სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 22 ხმა
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 9 ხმა
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა
- ერთი ხმა გაუქმდა.
გაფართოებულ კრებას, სადაც ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი აირჩიეს 1200-მდე დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.