დრო და ადგილი ცნობილია - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას კიშინოვში შეხვდება
დრო და ადგილი ცნობილია - უკრაინელი დიპლომატი ქართველ კოლეგას კიშინიოვში, სავარაუდოდ კვირის ბოლოს შეხვდება. 14-15 მაისს მოლდოვაში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი. სავარაუდოდ, სწორედ ამ ღონისძიებას დაესწრებიან მაკა ბოჭორიშვილი და ანდრი სიბიჰა, სადაც ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას განიხილავენ. უკრაინა მოლაპარაკებებზე საკუთარი პირობებით მიდის - ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.
უკრაინის პირველ დიპლომატს დღეს ევროსკოპთან ინტერვიუში მესამე პრეზიდენტის საკითხი არ უხსენებია, განსხვავებით მიხაილო პოდოლიაკისგან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა "ტვ პირველთან" საუბრისას დააზუსტა, რომ კიევისთვის მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კიევში დაბრუნება.
რისთვის არის მზად თბილისი და რა საკითხებზე მიდის მოლაპარაკებები კიევთან - საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებით განმარტებებს არ აკეთებს, "ოცნების" დეპუტატები კი მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან. სააკაშვილზე დასმული კითხვის პასუხად კი არ გამორიცხავენ, რომ განხილვის ერთ-ერთი საკითხი მესამე პრეზიდენტის ბედიც იყოს.