მდინარაძე საფრანგეთის რეზოლუციაზე: „მიფუჩეჩებული"
ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დოკუმენტი „ჩალის ფასიც არ ღირს“. მისი მტკიცებით, მსგავსი რეზოლუციები რეალურ ფაქტებს არ ეყრდნობა და ხშირად იმდენად ზედაპირულად მზადდება, რომ „საქართველოს სახელიც კი შეცდომით არის მითითებული“.
მე რომ ახლა გიპასუხოთ, რომ ჩალის ფასიაო, ხომ გახსოვთ ასეთი ინტერვიუები, ჩვენი მთ შორის, ვიღაცეები ამას საკრიტიკოდ გახდიან, არადა 10 რეზოლუცია ვნახეთ კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა, თქვენ თავად იცით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალური ფაქტებზე დაყრნობით. როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი, როგორც სახელმწიფოსი, არ არის სწორად, ჩვენთან ეძახიან ხოლმე ამას "მიაფუჩეჩეს". იმდენად ასე ერთი ხელის დარტყმით, ერთი ხელის მოწერით, ერთი თვალის გადავლებით იქმნება რეზოლუციები, რომ მერე ფასი თავისთავად ეკარგება ამ რეზოლუციებს. იმდენად არასერიოზული და არასამართლიანი არგუმენტებით დგას ხოლმე საფუძვლად, და ამ რეზოლუციების უკან, რომ თავადვე აუფასურებს, - ამბობს მდინარაძე.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.
რეზოლუცია "გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას."
რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ.