ივანიშვილის სანქცირება, მხარდაჭერა ქართველ ხალხს - რა წერია საფრანგეთის რეზოლუციაში

12.05.26 20:33
ივანიშვილის სანქცირება, მხარდაჭერა ქართველ ხალხს - რა წერია საფრანგეთის რეზოლუციაში

საფრანგეთის პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. დოკუმენტს მხარი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 68-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 28 იყო. რეზოლუცია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსის“ წევრებმა წარადგინეს და მასში პირდაპირ არის მოთხოვნილი, რომ საფრანგეთის მთავრობამ სანქციები დაუწესოს საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას.

დოკუმენტი ღიად საუბრობს საქართველოში რუსეთის გავლენებზე და ივანიშვილი ტექსტში რამდენჯერმეა მოხსენიებული. ფრანგი დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველო ავტორიტარული გადახვევის გზაზე დგას და ხელისუფლებაზე კრემლის გავლენა იზრდება.

რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი, მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპი, აცხადებს, რომ საფრანგეთმა საჯაროდ უნდა დაგმოს უცხოური, განსაკუთრებით კი რუსული გავლენა ქართულ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ოლიგარქად არის მოხსენიებული, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ნიშნავს, რომ საფრანგეთის პარლამენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსულ გავლენებთან აკავშირებს.

რეზოლუციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაც, რადგან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მნიშვნელოვან ქონებას სწორედ საფრანგეთში ფლობს. ივანიშვილის აქტივები პარიზსა და ვერსალის რაიონშია განთავსებული — მათ შორის, ათობით ჰექტარი მიწა და უძრავი ქონება პრესტიჟულ უბნებში. ქონება რეგისტრირებულია ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის, ფრანგული კომპანიის სახელზე.

საფრანგეთში აქტივებს ფლობენ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც. მათ შორის სახელდება კახა კალაძე და ანუკი არეშიძე, რომლებმაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში, რუსეთის საელჩოს მიმდებარედ, ბინა რამდენიმე წლის წინ შეიძინეს. ფრანგული სანქციების შემთხვევაში, ეს შეზღუდვები პირდაპირ შეიძლება შეეხოს მმართველი გუნდის ლიდერებისა და მათთან დაკავშირებული პირების ქონებასა და ფინანსურ ინტერესებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები