მზადება დიდი პროტესტისთვის — ოპოზიცია 26 მაისის შეკრებაზე მოქალაქეების მობილიზებას იწყებს

12.05.26 20:48
მზადება დიდი პროტესტისთვის — ოპოზიცია 26 მაისის შეკრებაზე მოქალაქეების მობილიზებას იწყებს

26 მაისი, თბილისის დროით 19:00 საათი — შეკრების ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქვეყანა მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ოპოზიციურმა ალიანსმა ფართომასშტაბიანი სამობილიზაციო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. 9 ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავენ და საზოგადოებას 26 მაისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. მათი მთავარი გზავნილი ერთია — პროტესტი უნდა გაფართოვდეს და პროცესში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.

საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები ქუჩაში გავიდნენ და მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაიწყეს. სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები ცდილობენ, აუხსნან ადამიანებს, რატომ არის სწორედ ახლა პროტესტის გაძლიერება მნიშვნელოვანი. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — რუსთაველზე შეკრებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ექნება.

დაგეგმილ დემონსტრაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია უკვე აქტიურად მიმდინარეობს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 9 ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოქალაქეებს პირადად ხვდებიან და 26 მაისის აქციის მოსაწვევებს ურიგებენ. კამპანია დამოუკიდებლობის დღემდე გაგრძელდება.


ოპოზიციის განცხადებით, 26 მაისს საქართველომ — როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე — უნდა აჩვენოს, რომ საზოგადოების ბრძოლა თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის არ შეჩერებულა და ქვეყნის გარუსებას მოქალაქეები არ შეეგუებიან. სწორედ ამიტომ, ოპოზიციური ალიანსის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაარწმუნოს, რომ 26 მაისის აქციაზე მოქალაქეების რაოდენობა გადამწყვეტი იქნება.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები