პუტინმა დნესტრისპირელთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება გაამარტივა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებს.
შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა.
ბრძანების თანახმად, არაღიარებული დნესტრისპირეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანას „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში მითითებული პირველი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე შეძლებს. კერძოდ, მათთვის განაცხადის შეტანისას რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი არ იქნება.
- დნესტრისპირეთი დე იურე ითვლება მოლდოვის ნაწილად და არ არის აღიარებული გაეროს არცერთი წევრი სახელმწიფოს მიერ. ფაქტობრივად კი, რეგიონში მოქმედებს არაღიარებული „დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა“ საკუთარი მთავრობით, არმიით, ვალუტითა და პასპორტებით.
- რუსეთი ოფიციალურად აღიარებს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დნესტრისპირეთს მხარს უჭერს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო ყოფნით.
- დნესტრისპირეთში განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი - რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი და სამშვიდობო ძალები. ისინი რეგიონში იმყოფებიან 1990-იანი წლებიდან, 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ.