ურბანული წმენდა რეაბილიტაციის სახელით - ოპოზიცია ძველ თბილისში ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს
„შაბათის ეთერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძველ თბილისში მიმდინარე პროცესების უკან შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იდგეს. საუბარია ერეკლე მეორის მოედნის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ კუთვნილი საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებს და გაურკვეველ მდგომარეობაში რჩება.
ოპოზიციის შეფასებით, ათობით ოჯახი პრაქტიკულად საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. მათი მტკიცებით, მოქალაქეებს საკუთრების გაფორმებაზე უარს ეუბნებიან, რაც, ოპოზიციის აზრით, კონკრეტულ ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
ოპოზიციონერები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საქმიანობა ერეკლე მეორის მოედანს უკავშირდებოდა. მათი განცხადებით, სწორედ ამ ტერიტორიაზე განთავსდა თავდაპირველად საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი, მოგვიანებით კი პარტიის სტრუქტურები. ასევე საუბრობენ ისტორიული შენობების, მათ შორის ქარვასლისა და ყოფილი ჟურნალისტთა სახლის საკუთრების ცვლილებებზე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ საქმე შესაძლოა სისტემურ პრობლემასთან გვქონდეს. მისი შეფასებით, ძველი თბილისის ისტორიული გარემო იცვლება, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის ისტორიული უბნებიდან თანდათან ანაცვლებენ.
კითხვები ჩნდება იმაზეც, რა სქემით მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. კრიტიკოსების თქმით, თბილისის განვითარების ფონდი რეაბილიტაციის მოტივით შედის კონკრეტულ უბნებში, თუმცა მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ საბოლოოდ საკუთარი ქონების გაფორმებას ვერ ახერხებს, ან დაპირებულ ალტერნატიულ საცხოვრებელს ვერ იღებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.