"ოცნება" საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

18.05.26 11:15
"ოცნება" საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება - განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიურ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში.

მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არაა, მის ეფექტურ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ მიმდინარე გამოწვევების კვალდაკვალ ვაძლიერებთ შსს-ს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, გადაწყვეტილების მიზანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის.

იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საუბარი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა. თუმცა, ეს არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი”, – ამტკიცებს მდინარაძე.